ძაღლიარჭამა
ძაღლიარჭამა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
ასეთი უცნაური სახელწოდება ჯიშს მიღებული აქვს დაბალი ხარისხის გამო. კახეთში ამ სახელწოდებას სხვა დაბალი ხარისხის ვაზის ჯიშებისთვისაც იყენებენ, მაგალითად, დიდმარცვალა თავკვერსაც ძაღლიარჭამას ეძახიან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო, უფრო ხშირად ოდნავ ოვალური ფორმის. ხუთი, იშვიათად სამნაკვთიანია. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა თხელი აბლაბუდისებრია, მის ქვეშ კი მოფენილია საშუალო სისქის ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მისი ფორმა საგრძნობლად იცვლება. უფრო ხშირად კონუსური და უფორმო მტევნები გვხვდება, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური და დატოტვილი. ძირითადად საშუალო სიკუმსისაა, თუმცა კუმსი და თხელი მტევნებიც გვხვდება. ჯიშისთვის დამახასიათებელია მცირეოდენი წვრილმარცვლიანობა. მარცვალი საშუალო და საშუალოზე უფრო მსხვილია. მომრგვალო ან ოდნავ შეზნექილი. მწიფე მარცვალი ღია ვარდისფერია. კანი — სქელი, თხელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული, ადვილად შორდება რბილობს. რბილობი ოდნავ მკვრივი და მდნარია, წვენი — უფერული.
ძაღლიარჭამა ძალიან სუსტი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 148 დღიდან 169 დღემდე გრძელდება. მტევნის წონა 250-800 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.8-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, მჟავიანობა — 9.2 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინო, გამოიყენება სხვა ჯიშებთან ერთად სუფრის ღვინის დასამზადებლად, ასევე ადგილობრივად სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 463