ძაღინის ციხესიმაგრე

ძაღინის ციხესიმაგრე — ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ცხინვალის რეგიონში, ისტორიულ შიდა ქართლში. შემორჩენილია ციხისა და ფეოდალური სასახლის ნანგრევები. გალავნიანი ციხე მცირე ზომისაა, შედგება რამდენიმე სამშენებლო ფენისაგან. უძველესი ფენა ცეცხლმსროლელი იარაღის შემოღებამდე — XVI საუკუნემდეა აგებული. XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ციხისათვის სამხრეთიდან მიუშენებიათ საბრძოლო-საცხოვრებელი დანიშნულების კოშკის მსგავსი ოთხსართულიანი ნაგებობა. სასახლის კომპლექსი XVII საუკუნეს მიეკუთვნება. იგი ფალავანდიშვილების ციხე-დარბაზი იყო. აგურით ნაგები სასახლე ერთსართულიანია, შედგება ორ მწკრივად დალაგებული ხუთი ოთახისა და ღრმა ლოჯიისაგან. შუაში დიდი ბუხრიანი დარბაზია, რომელსაც ორივე მხრიდან პატარა ოთახები ეკვროდა. დარბაზი კამარით იყო გადახურული, კარ-სარკმლების თაღები ისრული იყო. ზედ სასახლეზევეა მიშენებული და მის განუყოფელ ნაწილს შეადგენს ხუთსართულიანი ქვიტკირის კოშკი. პირველ სართულზე მარანია. შუა სართულები საცხოვრებელი იყო. მეხუთე სართულის კედლები სამი მხრიდან თაღებით არის გახსნილი. მეოთხე კედელთან ბუხარია. ეკლესია დარბაზულია, ერთაფსიდიანი. გადარჩენილია მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი.

ლიტერატურა

რედაქტირება