ცხნარის ეკლესია
ცხნარის ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წყნარ აბანოში, მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირას, ხეობაში. ეკლესიის სამხრეთის კარიბჭეზე არსებული ასომთავრული წარწერის მიხედვით იგი XIII საუკუნეშია აგებული.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნაგებია ადგილობრივი სწორად ნათალი ქვით, აქტიურადაა გამოყენებული აგრეთვე შირიმის ქვაც. ამჟამად ტაძარი ძალიან დაზიანებულია. ჩამონგრეულია კამარები. მინაშენის ბალავარის ქვაზე გამოსახულია ჯვარი. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ზემოთაღნიშნული ბალავარის ქვა და კარიბჭე, გაცილებით ძველია ვიდრე თვითონ ტაძარი. ტაძარში შესასვლელი სამხრეთის მხრიდან არის. მხატვრულადაა გაფორმებული კარიბჭე. მასზედ გამოსახულია საკმაოდ მოზრდილი ბოლნური ტიპის წრეში ჩასმული ჯვარი და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ასომთავრული ლაპიდარული წარწერა. კარიბჭე გარედან არქიტრავულია, შიდა მხრიდან თაღოვანი. მის აღმოსავლეთით სვეტზე კიდევ ერთი ასომთავრული წარწერაა. რაც შეეხება ტაძრის ინტერიერს იგი საკმაოდ საინტერესოა. ინტერიერი მხატვრულად არის გაფორმებული, გაფორმებულია პილასტრები, რომელიც გამოყოფს საკურთხეველს. ინტერიერის მხატვრული გაფორმების მიუხედავად ტაძარი შელესილი ყოფილა. დღეისათვის მოხატულობის კვალი აღარ შეიმჩნევა.
ცხნარის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
წარწერები
რედაქტირებაწარწერებს დევი ბერძენიშვილი შემდეგნაირად კითხულობს:
„სახელითა ღმრთისაჲთა ესე ეკლესიაჲ დავით[ის] მეფობასა ვაჰრამის პატრონობასა [ვაშენეთ] ყოველმან და წელიწდამდის ბალავარი დავსვით.“
|
ნახევარწრეში, ბოლნური მედალიონის ორივე მხარეს
„ქრისტე შეიწყალე ამი[ს] მოქმედი.“
|
ბალავრის ქვის ზევით, მარცხნივ ერთ სტრიქონად:
„ქრისტე შეიწყალე ჩნდრტჲ.“
|
ამ წარწერის ქვევით, ჰორიზონტალური ლილვის დაბლა ერთსტრიქონიანი ხუცური წარწერაა ამოკაწრული, სადაც განირჩევა სიტყვები
„გა[ნა]ხლებულ იყო ესე კ[არი]...“
|
კარიბჭის აღმოსავლეთით მეორე პილასტრზე კიდევ ერთი წარწერაა, სადაც ვინმე ძმები კოჟოლისძენი მოიხსენიებიან, რომელთაც აღუმართავთ ამ ადგილას ჯვარი. სტილისტურად ეს წარწერა შეიძლება X საუკუნეს მიეკუთვნებოდეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ცხნარის ეკლესია
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7294
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2019-07-25.