ცხენისძუძუ აჭარული

ცხენისძუძუ აჭარული, ათმემექართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აჭარიდან.

წარსულში ცხენისძუძუ ფართოდ იყო გავრცელებული მაღლარების სახით აჭარისწყლის ხეობაში, მაგრამ ფილოქსერას გამოჩენის შემდეგ საგრძნობლად განადგურდა. ამჟამად მცირეოდენი ნარგავებია შემორჩენილი აჭარასა და გურიაში, უმეტესად ქედის, შუახევისა და ოზურგეთის სოფლებში. თურქეთში აჭარულ ცხენისძუძუს „ათმემეს“ (At — ცხენი, Meme — ძუძუ) ეძახიან. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, ეს სახელწოდება ართვინის ოლქის გამაჰმადიანების შემდეგ წარმოშობილა, რადგანაც ართვინის „ათმემე“ აჭარული ცხენისძუძუს იდენტურია.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე მცირედაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდია, ოვალური ან მოგრძო. კანი სქელი აქვს, სიმწიფეში უხვად იფარება ცვილისებრი ფიფქით. რბილობი მკვრივხორციანია, სასიამოვნო, მოტკბო-მომჟავო გემოთი.

ცხენისძუძუ აჭარული ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 199 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 125-130 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.5-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.7 გ/ლ-ს.

ცხენისძუძუ აჭარული სასუფრე ვაზის ჯიშია. გამოირჩევა კარგი გემოთი, კარგად ინახება და იტანს ტრანსპორტირებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 457-458