ცხავათის მაცხოვრის ეკლესია

ცხავათის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავათში. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

ეპიგრაფი

ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით „მაცხოვრის“ ეკლესიაში უნახავს ორი ჯვარი: I ჯვარი — წინა მხარე ოქროსია. გამოსახულია ქრისტე და არის ასომთავრული წარწერა..... „ქ.ქ-ა ქ-“ უკანა მხარე ვერცხლისაა და არის XIV–XI სს მხედრული წარწერა: „ქ. მაცხოვარი ცხავატისა ქვენიფნეველს: რიზია ერისთავს: შემწირავს: ორი საკომლო მამული ზენუბანს: მამული: მთითა:. და ბარითა. ცხავატის: ყ ლად: წმინდისათვის: ბასიანში: დავტყვევდი:. და:. შენის:. საქონლითა:. თავი დავიხსენ: არა მებატონემ:ო.“ II ჯვარი — მთლიანად ვერცხლისაა. გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით. ქვემოთ მის ფერხთით ჯვარცმა. გვერდებზე ანგელოზები. უკანა მხარეს გამოსახულია წმ. გიორგი ხუცური წარწერით. წარწერა დათარიღებულია არა უძველს XVII საუკუნისაა.

„ჩუმაანთუბანში“ მდებარე საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია ფლეთილი ქვითა და ქართული აგურითაა ნაგები. შიგნიდანაც და გარედანაც შეთეთრებულია. შიდა სივრცე საკმაოდ მაღალია. იატაკზე დაგებულია ქართული აგური. საკურთხეველთან ორსაფეხურიანი სოლეაა. ძეგლზე აშკარად შეიმჩნევა XIX ს. გადაკეთებები — გაგანიერებულია სამხრეთი და ჩრდილოეთი სარკმლები; ეკლესიის დასავლეთ კეხზე დადგმული სამრეკლო და სხვა. საკურთხეველთან მიდგმულია გაძარცვული რუსული იკონოსტასი. სახურავი გაბზარულია გრძივ ღერძზე. აღმოსავლეთ სარკმლის თავსართად ჩასმულია შირიმის ქვაზე ამოკვეთილი ტოლმკლავა ჯვარი. კარნიზიც შირიმისაა. ფრონტონის მარცხენა ნაწილში ჩადგმულია ქვის მართკუთხა ფორმის კვადრი ასომთავრული წარწერით: „ქ. ხატო ღ(მრ)თ(აები)ს(ა)ო ა(დი)დ(ე)ნ ე/რი ცხავატიდა ინა კა/ლატ(ო)ზი ა(მე)ნ. შ(ეიწყალ)ე ნაფენაი.“ სამხრეთ სარკმლის თავზე თითქმის მთელი კედლის სიგრძეზე გაუყვება თარო. დასავლეთ ფასადი სადაა. კარის ზემოთ სახატე ნიშია. ჩრდილოეთ ფასადზე შეიმჩნევა კამარის ქუსლი. საფიქრებელია, ეკვდერის არსებობა, თუმცა არქეოლოგიის გარეშე რაიმეს თქმა შეუძლებელია. ეკლესიის გარშემო ყორე გალავანია, მის გარეთ საფლავის ქვებია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება