ცი ფაო
ცი ფაო — ერთ-ერთი გამორჩეული ქალის სამოსი ჩინეთში. ცი ფაო ჩინელებში და არა მხოლოდ მათში, მოხდენილობასთან, სინაზესთან ასოციაციას იწვევს, თუმცა ამავე დროს, აღსანიშნავია ფაქტია, რომ ამ კაბის წარმოშობის ამბავი ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ და სისხლიან სახელმწიფო გადატრიალებას უკავშირდება.
XVII საუკუნის დასაწყისში, ჩრდილოეთ ჩინეთში ცნობილმა ჯურჯენმა პოლიტიკოსმა და მხედართმთავარმა აისენგორო ნურხაციმ, მრავალრიცხოვანი მანჯურული არმიის მხარდაჭერით პეკინს შეუტია. სწორედ აღნშნული, ამბოხების შედეგად მან ტახტიდან გადააგდო სრულიად კანონიერი მინის დინასტია და სწორედ ამ პერიოდიდან ჩინეთში მანჯურების მართვის პერიოდი დაიწყო, რომელსაც მოგვიანებით ცინის დინასტიის მმართველობა ეწოდა.
სწორედ ამ პერიოდში ჩაისახა მანჯურების ტრადიციული სამოსი ჩონგსამი, რომელიც ცი ფაოს წინაპრად ითვლება. აღნიშნული ახალი დინასტიის კანონების მიხედვით, ჩონგსამის ტარება აუცილებელი იყო ცინის დინასტიის ყველა მომხრისთვის, მამაკაცებისთვის კი თმის ვარცხნილობის გარკვეული სტილიც კი შემოიღეს, რომელიც აუცილებელი იყო, კანონის დამრღვევი მკაცრად ისჯებოდა.
თუმცა დროთა განმავლობაში, ჩონგსამის დიზაინი, ფუნქცია და სახელიც შეიცვალა. ცი ფაო არა პოლიკური მიკუთვნების, არამედ პრესტიჟისა და სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა. ეს სამოსი მხოლოდ ყველაზე მდიდარი და შეძლებული ქალბატონების კარადაში ინახებოდა. ტანსაცმლის დიზაინი საკმაოდ სადა, გამორჩეული და ელეგანტური იყო, გრძელი მკლავები და მაღალი საყელო ამ კაბის აუცილებელ ატრიბუტებს წარმოადგენდა.
XX საუკუნეში ჩინეთში ევროპული კულტურის შესვლამ მოდაზეც დიდი გავლენა მოახდინა. სწორედ ამ პერიოდიდან ციფაომ ტრანსფორმაცია განიცადა და თანამედროვე, უფრო ელეგანტური სახე მიიღო. ჩინეთში დაშვებული გახდა ასევე კაბის მკლავებისა და საერთო სიგრძის დამოკლება, მისი საყელოც უფრო დემოკრატიული და მოსახერხებელი გახდა, თუმცა ჩინური მოდის ყველა ტრადიციული ელემენტი შენარჩუნებული იქნა. სწორედ ამ ყველაფრის გამო ჩინელმა ქალბატონებმა ცი ფაო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ აღიარეს.
ცი ფაოს ტანზე მომდგარი წყობა აღმოსავლურ მოკრძალებულობას და მიმზიდველობას გამოხატავს. უნდა აღინიშნოს, რომ კარგი ციფაო აუცილებლად ხელით იკერება და მის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის აბრეშუმს იყენებენ, რომელზეც სხვადასხვა ტრადიციულ ორნამენტებს ქარგავენ. აბრეშუმისა და შესაბამისი ორნამენტის შერჩევა კაბის მომზადებაში პირველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ციფაოს შესაკერად დაახლოებით 26 სხვადასხვა ზომის აღებაა საჭირო. ციფაოსთვის განკუთვნილი საყელო აუცილებლად მომრგვალებულია, იმისთვის რომ ქალბატონების მოხდენილ კისერს გაუსვას ხაზი. ყველაზე ხშირად ციფაოზე ფენიქსის, სხვადასხვა ფრინველებისა და ყვავილების ნახატებს შეხვდებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- About.com entry დაარქივებული 2011-01-07 საიტზე Wayback Machine. on the qipao
- Documentary on the qipao on CCTV website