ციხისჯვრის წმინდა მარიამის ეკლესია

ციხისჯვრის წმინდა მარიამის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარში. აგებულია XX–XXI საუკუნეებში.

მთის ფერდის მოსწორებულ ბაქანზე, ძველ ნაეკლესიარზე, წმინდა მარიამის ეკლესიაა აღმართული. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, შვერილი აფსიდით, ნაგებია ბლოკით ცემენტის ხსნარზე, შენობის ზედა ნაწილებში აგურია გამოყენებული. ცემენტით შელესილი, ბლოკით ამოყვანილი ეკლესიის მოცულობა მოკლე, დაბალი და უსახურია. თავდაპირველი ეკლესიიდან, ინტერიერში და ექსტერიერში დაცულია წყობის ქვედა რიგი, რომელიც წარმოადგენს, თლილი ქვის დიდ, სწორკუთხა კვადრებისგან შედგენილ რეგულარულ წყობას. შემორჩენილი ძველი კედლის ფარაგმენტები დაფარულია ცემენტის ნალესობით და იმდენად სახეცვლილია, რომ მისი სიძველე ძნელად დასადგენია. ეკლესიის ახალი კედლები დაახლოებით 2 მეტრზეა ამოყვანილი და შეჩერებული. მოცულობა შიგნიდან ხის კონსტრუქციით არის დასრულებული. გარედან ორქანობა თუნუქის სახურავია მოწყობილი. იატაკი მეტლახის ფილებით არის მოკირწყლული. ადრეული ეკლესიიდან თითქმის აღარაფერია დარჩენილი. ძველი წყობის ფრაგმენტები ძნელად აღსაქმელია. ეკლესიას მთლიანად დაკარგული აქვს როგორც მხატვრული, ასევე სივრცით-კომპოზიციური სახე. ამჟამინდელი ნაგებობა აღიქმება როგორც XXI საუკუნის მახინჯი შენობა. მისი მნიშვნელობა, მხოლოდ წმინდა ადგილის ფიქსაციით და მოსახლეობაში ისტორიული მეხსიერების არსებობით შეიძლება განისაზღვროს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24913