ციხეგორის კომპლექსი

ციხეგორის კომპლექსი — არქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე, მაღალი კლდოვანი მთის თხემზე, ციხე-გორად წოდებულ ადგილზე. კომპლექსში შედის ციხე, ნასახლარები და სამაროვანი. ციხე ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა მშრალია. შემორჩენილია 1-2 მეტრი სიმაღლის კედლები. გალავნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოწყობილია რამდენიმე სწორკუთხა ღიობი. ციხის ქვემოთ, მთის აღმოსავლეთ კალთაზე, გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნის ნამოსახლარები და სამაროვანი, ნამოსახლარის სწორკუთხა გეგმის შენობები ნაგებია ნატეხი ქვით. სამაროვანზე ქვის სამარხებია. მთის დასავლეთ კალთაზე გამოვლენილია შუა საუკუნეების მიწისქვეშა ოთხკუთხა აკლდამა. ნატეხი ქვით ნაგები და ქვისავე დიდი ფილებით გადახურული. იქვე, ახლოს, შეიმჩნევა კლდეში ამოკვეთილი მართკუთხა ბუდეები, რომლებიც სათავსთა ნაშთები უნდა იყოს. მოპოვებული მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა რედაქტირება