ცენტრიოლები
ცენტრიოლები — უჯრედის ცენტრის, ანუ ცენტროსომას უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილები. მდებარეობენ ცენტროსფეროს შუა ნაწილში მდებარეობენ. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ცენტრიოლებს 0,3 – 0,6 მკმ სიგრძისა და 0,1 მკმ – მდე დიამეტრის პატარა ღრუ ცილინდრის ფორმა აქვს. ცენტრიოლის აგებულების საფუძველია მიკრომილაკების ცხრა ტრიპლეტი, განლაგებული წრიულად, რომელიც ქმნის ღრუს მქონე ცილინდრს. ასეთი ცილინდრის კედელი შექმნილია უფრო მკვრივი ციტოპლაზმის ცხრა ორმაგი მილაკით. უკანასკნელნი განლაგებულნი არიან ერთმანეთის პარალელურად ცენტრიოლების პერიფერიაზე. მათზე მაგრდება 700 Ao დიამეტრის პერიცენტრიოლური სხეულაკები. თავისი ულტრასტრუქტურით ცენტრიოლები ძალიან ჰგავს წამწამებს და განსხვავდება მათგან მხოლოდ ზომითა და იმით, რომ ცენტრალური ფიბრილები არ აქვს. ულტრასტრუქტურულ მსგავსებას შეესაბამება კინეტიკური ფუნქცია, რომელიც ამ წარმონაქმნებს ახასიათებს. ცენტრიოლები უშუალოდ დაკავშირებულია მიტოზურ გაყოფასთან. ადრეულ ინტერფაზაში ხდება ცენტრიოლების რედუპლიკაცია, რომლებიც შემდგომში ინტერფაზის განმავლობაში ცენტროდესმოზის მეშვეობით შეერთებული რჩებიან და ერთმანეთის მიმართ მართი კუთხით არიან განლაგებული. პროფაზაში რედუპლიცირებული ცენტრიოლები სცილდება ერთმანეთს და განსაზღვრავს გაყოფადი უჯრედების პოლუსებს. ამ დროს ისინი კარგად ვლინდებიან, ჰაიდენჰაინის მიხედვით, რკინის ჰემატოქსილინით შეღებილი პრეპარატების სინათლის მიკროსკოპიის დროს. ტერმინი „ცენტრიოლი“ შემოიღო ბოვერიმ, 1895 წელს.