ჩხორთოლის ეკლესია (XI-XIX საუკუნეები)
ჩხორთოლის ეკლესია — ეკლესია სოფელ ჩხორთოლში, გალის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.
ეკლესია აგებულია XI-XIX საუკუნეებში.
ეკლესია წარმოადგენს XVIII-XIX საუკუნეების მოზრდილ დარბაზულ ნაგებობას, ადრინდელი, XI საუკუნის საძირკვლით, შვერილი აფსიდით. ეკლესიას დასავლეთიდან აქვს კარიბჭე, რომლის მეორე სართული გახსნილი იყო როგორც ტაძრის შიგნით, ასევე ფასადისკენ, დიდი თაღით. ტაძრის საკურთხეველში გაჭრილია სამი დიდი ზომის სარკმელი. აქვე, საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილში, არის თაღოვანი ნიში. თითო-თითო სარკმელია გაჭრილი ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე, თითო კარის ეკლესიის სამ კედელზე. გვერდითი კედლების კარი სწორკუთხა მოხაზულობისაა, ხოლო დასავლეთისა- თაღოვანი. ეკლესიის ინტერიერში გვერდითი კედლები ნაწევრდება თითო, მძლავრად გამოწეულ პილასტრზე გადასული ორი თაღით. პილასტრები სრულდება პროფილირებული კაპიტელებით.ეკლესიის სახურავი მთლიანად ჩამონგრეულია. სავარაუდოდ, მას კოჭოვანი გადახურვა უნდა ჰქონოდა, ვინაიდან ეკლესიის კედლები ერთ სიმაღლეზეა „გადაჭრილი”, ხოლო კონქი ან კამარის კვალი არსადაა. ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.