ჩოკეკირაოინკების იმპერიის ქალაქის ნანგრევები პერუში. მდებარეობს მაჩუ-პიქჩუს სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 10 მილში. ზღვის დონიდან 3 085 მეტრზე.

ტერასები ჩოკეკირაოში
ჩოკეკირაო

ახლადაღმოჩენილი ქალაქი ფრანგი და პერუელი არქეოლოგების შესწავლის საგანი გახდა. მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები. პირველადი მონაცემებით, ქალაქის სტრუქტურა და მასშტაბი თითქმის უტოლდება სახელგანთქმულ მეზობელ ქალაქ მაჩუ-პიქჩუს.

არქიტექტურა

რედაქტირება

ჩოკეკირაო, ინკების არქიტექტურულ შედევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დახვეწილი და ორიგინალურია. იგი გაშენებულია 3000 მეტრ სიმაღლეზე, მდინარე აპურიმაკის ძალზედ დაქანებულ მიდამოებში. ქალაქი მოიცავს 2000 ჰექტარამდე ტერიტორიას, ხოლო მის სტრუქტურას შეადგენს მრავალრიცხოვანი არქიტექტურული დეტალი: 80 ტერასა, პლატფორმები, ტაძრები, საწყობები, 3 მეტრამდე სიგანის გზები და დაუსრულებლად გადაბმული სარწყავი არხები.

გარშემო 5000 მეტრზე აზიდული თოვლიანი მწვერვალების პეიზაჟი იშლება. ამჟამად, ჩოკეკირაო მოქცეულია პერუს კულტურის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაარსებული უდიდესი პარკის ტერიტორიაზე.

არქეოლოგთა დიდი ინტერესი გამოიწვია განსაკუთრებით კეთილმოწყობილი და დიდი მოცულობის რამდენიმე ნაგებობის აღმოჩენამ. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული შენობები სარჩო-სანოვაგის საწყობები უნდა იყოს, რაც შემდეგი მონაცემების საფუძველზე დაასკვნეს: კონსტრუქცია აშენებულია ქალაქის განაპირას, ყველაზე ამაღლებულ და განიავებულ ადგილას, ამ ნაგებობისკენ ქალაქის ყველა მონაკვეთიდან მიდის გზა დ, რაც მთავარია, შენობა უზრუნველყოფილია სავენტილაციო და სადრენაჟო სისტემით.

ჩოკეკირაო მაჩუ-პიქჩუზე 20-30 წლით გვიან უნდა იყოს აშენებული, დაახლოებით 1470 წელს. პირველი ცნობები ამ ქალაქის შესახებ მოცემულია 1710 წლის მანუსკრიპტში, რომლის ავტორია ხუან არიას დიას ტოპეტე. მანუსკრიპტში საუბარია იმაზე, რომ ,,ჩოკეკირაო" ითარგმნება, როგორც ,"ოქროს აკვანი" ან "ოქროს ქალაქი". სავარაუდოდ, ქალაქში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ნაკეთობათა ცენტრი იყო, რომელიც 1537-1572 წლებში ესპანელთა ამ ტერიტორიაზე შემოსევის დროს განადგურდა.

1834 წელს, ფრანგმა ეუჟენ დე სარტრიჟმა აღწერა ჩოკეკირაოს ცენტრალურ მოედანზე მდებარე ორსართულიანი შენობა. მისი ცნობით, შენობის იატაკი მოპირკეთებული იყო თიხის აგურებით, ხოლო ზემოდან გადასმული ჰქონდა მუქი ფერის ლაქი.

სარესტავრაციო სამუშაოები კვლავ ბევრ საინტერესო ინფორმაციას გამოააშკარავებს. არქეოლოგთა თქმით, ქალაქის წყალგაყვანილობა, გზები და მთლიანად შიდა სტრუქტურა, იმის დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ ინკებს საკმარისად ჰყვარებიათ კომფორტი და მისი შექმნის თეორიულ-პრაქტიკული ცოდნაც ჰქონიათ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: