ჩილიკაობა
ჩილიკაობა, ჩილიკა-ჯოხი, რიკტაფელა — საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ხალხური თამაში. მონაწილეები მიწაში ჩაასობენ 1 მეტრის სიმაღლის მსხვილ ჯოხს, რომლის თავზეც შემოდებენ „ჩილიკას“ — მოკლე, 10-12 სმ-ის სიგრძის ჯოხს. მიწაში ჩასობილი ჯოხის გარშემო შემოხაზავენ „ბინას“ – 2-3 მეტრის დიამეტრის მქონე წრეს. მოთამაშეები, რომლებსაც ხელში 50-60 სმ-ის სიგრძის ჯოხები უჭირავთ, ორ გუნდად გაიყოფიან და კენჭს ყრიან. ვისაც კენჭი შეხვდება მისი გუნდი „ბინაში“ ჩადგება, მეორე გუნდის წევრები კი წრიდან 10-15 მეტრის დაშორებით განლაგდებიან. ბინაში მდგომთაგან ერთ-ერთი ჩილიკას თავისი ჯოხით მოწინააღმდეგეთა მიმართულებით გაჰკრავს, ისინი ცდილობენ მას თავიანთი ჯოხები ჰაერში შეაგებონ და უკან, ბინაში დააბრუნონ. თუ მოიგერიეს და წრიდან მოშორებით გადააგდეს, ჯოხით გაიზომება მანძილი წრესა და მიწაზე დავარდნილ ჩილიკას შორის — მოწინააღმდეგეს იმდენი წამგებიანი ქულა დაეწერება, რამდენი ჯოხიც გამოვა ეს მანძილი. ამ შემთხვევაში ჩილიკას ისევ ის მოთამაშე გაჰკრავს, რომელმაც თავიდან გაისროლა. თუ უკან დაბრუნებული ჩილიკა წრეში დავარდა, მსროლელი გაკვრის უფლებას კარგავს და მას ერთ-ერთი თანაგუნდელი შეცვლის. როდესაც პირველი გუნდის ყოველი მოთამაშე ჩილიკის სროლას მორჩება, გუნდები შეცვლიან ადგილებს. თუ ბინის გარეთ მდგომმა გუნდმა ჩილიკა მიწაში ჩასობილ ჯოხს მოარტყა, ყველა წამგებიანი ქულა მოეხსნება და ბინაში ახლა ის ჩადგება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიშვილი ე., სპორტის ენციკლოპედია, გვ. 573, თბ., 2006