ჩიგოიანის ბერციხის კომპლექსი

ჩიგოიანის ბერციხის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.

ბერციხის ანსამბლი მდებარეობს მდ. ქსნის სათავეებთან, ჟამურის ხეობაში მჟავე წყლების თავზე, კლდოვან სერზე. ციხისათვის შეურჩევიათ ორ მდინარეს შორის მოქცეული მაღალი კლდოვანი პლატო. მისასვლელად ისედაც ძნელი იყო და აღმოსავლეთიდან კლდეკარის გაჭრით, კიდევ უფრო მიუვალი გაუხდიათ. აქ მდგარი ნაგებობებიდან ყველა დანგრეულია და თავდაპირველი სახის აღდგენა შეუძლებელია. ციხის ღერძის მიმართულება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ვითარდება. ამავე მიმართულებით რელიეფი ზევით იწევს. ხელოვნური გალავანი თითქმის არ არის გამოყენებული. ციტადელი ციხის ღერძზე ჩაწეულია სამხრეთით და წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას. მეორე სართულის დონეზე ეკლესიაა. დარბაზული ეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები. საკურთხევლის მოხაზულობა ცვალებადია; ძირს ის 1,5 მ სიმაღლემდეა, ზევით კი კუთხეებზე გადებული ქვების მეშვეობით გადადის კოლოფა მოხაზულობაზე. აბსიდის სამხრეთ მხარეს მოხატულობის ძალიან მცირე ფრაგმენტებია. აღმოსავლეთი სარკმელი საკმაოდ მაღალია, მისი რაფა საფეხურისებრად ჩამოდის ძირს. კუთხეებში თითო ნიშაა. სამხრეთ კედელზე შემორჩენილია პილასტრის მცირე ნაწილი, გვერდით შესასვლელია, ღია ლუნეტით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია თითქმის დაუმუშავებელი ქვა. ციხის ნანგრევებში გამოირჩევა კიდევ ზურგიანი კოშკი, რომლის პირველი სართული მაღლა იწყება. ამ სართულს მხოლოდ კარი აქვს ბრტყელ მხარეს. სამხრეთის მიმართულებით მდგარი ცილინდრული კოშკი XVII საუკუნისა უნდა იყოს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება