„ჩვენი გზა“ — საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ორგანო. ყოველკვირეული პოლიტიკური და სალიტერატურო გაზეთი. გამოდიოდა თბილისში. იბეჭდებოდა ვ. რუხაძის სტამბაში. სარედაქციო კოლეგიაში იყვნენ: მ. კვატაშიძე, დ. ყიასაშვილი, მ. ჩაჩუა. გაზეთში თანამშრომლობდნენ: დ. ყიასაშვილი, მ. ჩაჩუა, ნახუნოველი, გ. კ., აქაური, ვ., Veto, atom და სხვ. „ჩვენი გზა“ ბოლშევიკური მიმართულების გამოცემაა, რომელიც საქართველოს ხსნას მხოლოდ საბჭოთა რუსეთთან ურთიერთობასა და სიახლოვეში ხედავს. გამოცემა ძირითადად ახალგაზრდა მარქსისტთა საქმიანობას აღწერს. პუბლიკაციებში ბოლშევიკური იდეოლოგიის პრიზმით არის განხილული მოვლენები და პროცესები. მეორე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ბოლშევიზმი და აღმოსავლეთი” მ. ჩაჩუა საუბრობს აღმოსავლეთის კაპიტალიზმის სასტიკ და მტაცებლურ ბუნებაზე, რომელიც სახიფათოა ბოლშევიზმისათვის. მას მაგალითად მოჰყავს მუსტაფა ქემალ-ფაშას კაპიტალიზმი. ავტორის აზრით,

ვიკიციტატა
„ბოლშევიკები შორსმჭვრეტელნი არიან და ისინი ნათლად ხედავენ განსხვავებას ბოლშევიზმსა და აღმოსავლეთის კაპიტალიზმს შორის“

. მეთაურ სტატიაში „ჩვენი გზა” საუბარია მძიმე საერთაშორისო მდგომარეობაზე, მსოფლიო ომის სავალალო შედეგებზე, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების მოშლაზე. ასეთ ვითარებაში, გაზეთს ხსნის გზად ბოლშევიზმი მიაჩნია. გამოცემა აშუქებს ახალგაზრდა მარქსისტული ორგანიზაციების მუშაობას რეგიონებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში . „ჩვენი გზა“ არც იმდროისათვის აქტუალურ საკითხებს ტოვებს უყურადღებოდ. წერილში „ბათუმის საკითხი”, საუბარია საქართველოსათვის ბათუმის დაბრუნების მნიშვნელობაზე:

ვიკიციტატა
„უბათუმობა სასიცოცხლო ჰაერს უსპობდა საქართველოს მუშათა კლასის ეროვნულ-კულტურულ და ეკონომიკურ ინტერესებს“

. გაზეთისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა. მას ეძღვნება მეხუთე ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნებული ვრცელი წერილი „სახელმწიფო და ეკლესია“, რომელშიც საუბარია რელიგიის გავლენაზე და თანამედროვე პირობებში მის უარყოფით შედეგებზე. აღნიშნულია, რომ

ვიკიციტატა
„კანონმდებლობის გზით დღეს შესაძლებელია ეკლესიის მხოლოდ გამოყოფა სახელმწიფოსაგან. სახელმწიფოს მხრივ მას უნდა მოესპოს ყოველგვარი დახმარება“

. რელიგიის თემას შეეხება „მენეს“ ფსევდონიმით დაბეჭდილი წერილი „რელიგიური ფსიქოზი“. როგორც ავტორი აღნიშნავს, ომის შემდეგ მლოცველთა რიცხვმა ეკლესიებში იმატა, მაგრამ ეს არა მარტო საქართველოში, ასეთივე მდგომარეობაა სხვა ქვეყნებშიც, მაგ., საფრანგეთში. ავტორი მიმართავს ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ მოვლენას:

ვიკიციტატა
„ამ მხრივ უნდა იმუშაონ ადგილობრივად ჩვენმა ამხანაგებმაც და რელიგიურ ფსიქოზს მეცნიერული ცოდნა დაუპირისპირონ“

. ახალგაზრდა მარქსისტთა აღშფოთება გამოიწვია ვინმე სტეფანე როზინის ავტორობით „მოლოდოი პროლეტარში” დაბეჭდილმა წერილმა, რომელშიც იგი ლანძღავს ახალგაზრდა მარქსისტებს და მათ ბრალს სდებს განსაკუთრებულ რაზმთან კავშირში. ამის საპასუხოდ „ჩვენ გზაში“ atom-ის ფსევდონიმით იბეჭდება წერილი „პასუხისგებაში ისინი!“. ავტორი იცავს ახალგაზრდა მარქსისტებს და ცილისმწამებელთა სასტიკად დასჯას მოითხოვს. გამოცემა „სალიტერატუროა”, თუმცა მასში მწირია ლიტერატურული მასალა, იბეჭდება მხოლოდ კ. რატიშვილის რამდენიმე ლექსი, თითქმის არ გვხვდება კულტურის, ხელოვნების, ეკონომიკის საკითხები. გაზეთს აქვს რუბრიკები „ახალი ამბები“, „პრესა“, „ჩვენს ორგანიზაციაში“, „უცხოეთი“ და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წერეთელი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 496.