ჩეხეთის კონსტიტუცია
ჩეხეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია (ჩეხ. Ústava České republiky) — ჩეხეთის რესპუბლიკის უზენაესი კანონი. ამჟამინდელი კონსტიტუცია ჩეხეთის ერვონულმა კრებამ 1992 წლის 16 დეკემბერს მიიღო. ძალაში შევიდა 1993 წლის 1-ელ იანვარს და ჩეხოსლოვაკიის 1960 წლის კონსტიტუცია ჩაანცვლა, რის შემდეგაც ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთის რესპუბლიკა მშვიდობიანად გამოეყო ერთმანეთს.
კონსტიტუცია კონსტიტუციური აქტია და სხვა კონსტიტუციურ აქტებთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციურ წესრიგს აყალიბებს. ფუნდამენტურ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ქარტია (Listina základních práv a svobod), რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანი კონსტიტუციური აქტია, ადამიანისა და მოქალაქის უფლებებს განამტკიცებს, ხოლო კონსტიტუცია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფო მოწყობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს განსაზღვრავს.
ჩეხეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია შედგება პრეამბულის, 8 თავისა და 113 მუხლისაგან. ფუნდამენტურ დებულებებს მოსდევს თავები საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შესახებ, შემდეგ კი მცირე თავები უზენაესი აუდიტის ოფიცის, ჩეხეთის ეროვნული ბანკის, ტერიტორიული თვითმმართველობისა და გარდამავალი დებულებების შესახებ.
2013 წლის აპრილის მდგომარეობით, კონსტიტუციაში ცვლილებები რვაჯერაა შესული.
კონსტიტუციონალიზმის ისტორია
რედაქტირებადამოუკიდებელი ჩეხეთის პირველ კონსტიტუციას 1992 წლის კონსტიტუცია წარმოადგენს. მანამდე ჩეხეთში არ მიუღიათ რაიმე კონსტიტუციური აქტი, თუ არ ჩავთვლით ჩეხოსლოვაკიის არსებობის პერიოდში მიღებულ ძირითად კანონებს.
ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია 1920 წლის 29 თებერვალს მიიღეს, რომელიც უზრუნველყოფდა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, აფუძნებდა ორპალატიან საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც ეროვნული კრებისა და სენატისგან შედგებოდა, აღმასრულებელი ხელისუფლების განსახორციელებლად ადგენდა მთავრობას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც ეროვნულ კრებას ექვემდებარებოდა. ქვეყნის ხელმძღვანელი ფართო უფლებამოსილებებით აღჭურვილი პრეზიდენტი იყო. კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ენა ჩეხური ენა იყო. არჩევნები პროპორციული წარმომადგენლობის საფუძველზე, საყოველთაო და ფარული საარჩვნო უფლებით ტარდებოდა.
შემდეგი კონსტიტუციები 1949 წელსა და 1960 წლის 11 ივლისს მიიღეს. ეს უკანასკნელი ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის ძირითადი აქტი იყო და 9 თავისგან შედგებოდა. კონსტიტუციის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო ფორმალურად ეროვნული კრება იყო, მაგრამ ფაქტიურად კანონები ერთხმად კომუნისტური პარტიის მითითებებით მიიღებოდა. აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის ხელში იყო, თუმცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები საკმაოდ შეზღუდული იყო. აღნიშნულ კონსტიტუციაში ცვლილებები 1968, 1969, 1971 და 1978 წლებში შევიდა.
კონსტიტუციის მიღება
რედაქტირებაჩეხეთის ამჟამინდელი კონსტიტუცია 1992 წლის 16 დეკემბერს, ეროვნულმა საბჭომ მიიღო, რომელიც კონსტიტუციის ძალაში შესვლის დღიდანვე დეპუტატთა პალატად ჩაითვალა და უფლებამოსილების განხორციელება 1996 წლამდე გააგრძელა. კონსტიტუციის მიღების მომენტში ჩეხეთი ჯერ კიდევ ჩეხოსლოვაკიის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ჩეხეთისა დდა სლოვაკეთი ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურმა კრებამ ჩეხოსლოვაკიის გაუქმების შესახებ დადგენილება მიიღო, რომელიც 1992 წლი 31 დეკემბერს შევიდა ძალაში.
კონსტიტუციას ხელი მოაწერეს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა და 1993 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში. კონსტიტუციის ძალაში შესვლისთანავე გაუქმდა მანამდე მოქმედი კონსტიტუცია, ჩეხოსლოვაკიის ფედერაციის კონსტიტუციური კანონი, კონსტიტუციური კანონები, რომელთა მეშვეობითაც კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილებები და დამატებები, ჩეხეთის ეროვნული საბჭოს 1990 წლის კონსტიტუციური კანონი „ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ“. ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ სხვა კონსტიტუციურ კანონებს კანონის ძალა მიენიჭა.
კონსტიტუციის გადასინჯვა
რედაქტირებაჩეხეთის კონსტიტუცია არ ადგენს კონსტიტუციის გადასინჯვის წესს. იგი ძირითადი აქტის შესაცვლელად კონსტიტუციური კანონებისთვის დადგენილ წესებს იყენებს, რომელთა შესახებ ნორმები კონსტიტუციის მთელს ტექსტშია მიმობნეული. აღნიშნულია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მხოლოდ კონსტიტუციური კანონით შეიძლება, ხოლო მისი მიღებისთვის დეპუტატთა 3/5-ისა და დამსწრე სენატორთა 3/5-ის თანხმობაა საჭირო.
კონსტიტუციით დადგენილია ზოგიერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად კონსტიტუციური კანონით უნდა იქნეს მიღებული, კერძოდ: ჩეხეთის სახელმწიფო საზღვრების შეცვლა, მაღალი დონის ტერიტორიული თვითმმართველობის ერთეულის შექმნა და გაუქმება.
შინაარსი
რედაქტირებაჩეხეთის კონსტიტუციის პრეამბულის დიდი ნაწილი ვაცლავ ჰაველმა დაწერა, ხოლო მილან უგდემ დაარედაქტირა. პრეამბულაში მოცემულია ჩეხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ნება, დააფუძნონ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო. პრეამბულაში გაცხადებულია ის ღირებულებები, რასაც სახელმწიფო ეფუძნება, მათ შორის დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება.
კონსტიტუციის პირველი თავი შეიცავს ნორმებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის შესახებ. კონსტიტუციის მიხედვით, ჩეხეთის რესპუბლიკა არის სუვერენული, ერთიანი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო. აღიარებულია სახალხო ხელისუფლების, პოლიტიკურ პარტიათა შეჯიბრებითობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და თვითმმართველობის პრინციპები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გონაშვილი, ვ. (2008). საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები: ნაწილი I. კავშირი „იურისტები სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“. თბილისი. გვ. 626-682.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (in English) Constitution of the Czech Republic
- (in Czech) Ústava České republiky