ჩაჩუბეთის წმინდა გიორგის ეკლესია

ჩაჩუბეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩუბეთში, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე, ძველი ნასოფლარის თავზე. ტაძარი მცირე ზომის, დარბაზული ტიპისაა.

ეკლესია აშენებულია რიყის ქვით და ადგილობრივი კლდისგან, კირ-დუღაბზე. კედლებზე ქვის ირეგულარულ წყობას ვხედავთ. თითქმის არ მოიძებნება ორი ერთნაირი ზომის ქვა. მსგავსი წყობით ნაგები ტაძრებისათვის, როგორც წესი, დამახასიათებელია გარკვეული კანონზომიერება-ქვედა რიგებში გამოიყენება უფრო დიდი ქვები, ვიდრე ზედა რიგებში. ზემოაღნიშნულ ტაძარში კი გადანაწილებულია დიდი ზომის ქვები. განსაკუთრებით, აღსანიშნავია, აღმოსავლეთით, ფასადის კედლის წყობაში ალაგ-ალაგ გარეულია დიდი ქვიშაქვის ლოდები. სადა ფასადია, ყოველგვარი მორთულობის და ორნამენტების გარეშე. კარი გაჭრილია სამხრეთით კედლის დასავლეთ ნაწილში. კარის გადახურვა, როგორც გარედან, ისე შიგნიდან თაღოვანია. თაღები გამოყვანილია რადიალურად დალაგებული კლდის ფლეთილი ქვის წყობით. კარის თაღოვანი ღიობის ზედა მონაკვეთში ტიმპანის სახით ჩაშენებულია მასიური ქვის კეცი. ეკლესიის კედლებში გაჭრილია ორი სარკმელი-აღმოსავლეთითა და სამხრეთით. ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფასადები ყრუა. სამხრეთი სარკმელი ნახევარზე დანგრეულია, თუმცა, მაინც ნათლად ჩანს, რომ გარედან ვიწრო ჭრილია, შიგნითკენ კი მკვეთრად ფართოვდება. ნახევარწრიული აფსიდი გარედან სწორკუთხედშია მოქცეული. ეკლესიას აქვს საკმაოდ დარღვეული ფორმები. განსაკუთრებით, აღსანიშნავია, ასიმეტრიული, უსწორმასწორო აფსიდი, რომლის ერთი მხარე, მეორე მხართან შედარებით, მკვეთრადაა გამოწეული. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია აფსიდის მხრებით. სარკმელი განთავსებულია აფსიდის ცენტრალურ ღერძზე. სამხრეთის სარკმლის მსგავსად, აქაც სარკმელი შიგნითკენ მკვეთრადაა გაფართოვებული. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე, ქვედა რეგისტრში, გაჭრილია სხვადასხვა სიმაღლის ორი სწორკუთხა ნიში. მარჯვენა ნიში მარცხენა ნიშთან შედარებით შედარებით დაბლაა განთავსებული. აფსიდის კედლებში გვხვდება ხმის რეზონანსისთვის ჩაყოლებული ქვევრები. კონქში, სადაც ნალესობა სრულადაა ჩამოცვენილი კარგად განირჩევა ქვის წყობა, რომ ამ მეოთხედსფეროს მოყვანილობის შესაქმნელად გამოყენებულია შედარებით მცირე ზომის ჰორიზონტალური წყობით დალაგებული რიყის ქვები. საკურთხევლის მხრები დასრულებულია ბრტყელი ქვის იმპოსტებით, რომლებზეც დაყრდნობილი იყო სატრიუმფო თაღი. დარბაზის სიგრძივი კედლები ერთსაფეხურიანი პილასტრითაა გაყოფილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10511