ჩარდახის სამაროვანი
ჩარდახის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში, ნ. მუზაშვილის სახლის ეზოში. ძეგლი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის XIII-XII საუკუნეებით.
1961 წელს მიწის სამუშაოების დროს აღმოაჩინეს ხის ძელებით გადახურული ორმოსამარხები. სამარხები დაზიანებულია, რის გამოც დაკრძალვის წესის დადგენა ვერ მოხერხდა. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა (სამეთუნეო ჩარხზე გამოყვანილი და არათანაბრად გამომწვარი, დახვეწილი ფორმის თიხის სხვადასხვა ჭურჭელი, რომელიც შემკულია ამოღარული, კონცენტრული ხაზებით, თევზიფხური ორნამენტით, ცხოველის რქების სტილიზებული გამოსახულებით; ბრინჯაოს მთლიანადსხმული კახური ტიპის სატევარი; მასრაგახსნილი ხელშუბისპირი) სამთავროს, ნარეკვავის, თრიალეთის, ნავთლუღისა და სხვა სინქრონული ძეგლების მასალების ანალოგიურია. არქეოლოგიური მასალები ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 325-326.