ჩამოქცევა სამთო საქმეშიქანების მასივის წონასწორობის თვითნებური ან იძულებითი დარღვევა. საბადოს მიწისქვეშა დამუშავების დროს (მაგ. გვირაბებში ჭერიდან და გვერდებიდან ქანის ლოდების) გამონგრევა ან ჭერის ქანების სიზრქის დაძვრა. დიდ ფართობზე ჩამოქცევა იწვევს გვირაბებზე დინამიკურ დატვირთვებსა და სამთო დარტყმებს. ჩამოქცევის მავნე შედეგების ასაცილებლად ან შესამცირებლად გვირაბებში აყენებენ სამაგრს (იხ. მაღაროს სამაგრი) და მართავენ გვერდითი ქანების მოძრაობას. გრძელ საწმენდ სანგრევებში სამთო წნევის მართვის ეფექტიანი საშუალებაა ჭერის ქანების სრული ან ნაწილობრივი ჩამოქცევა. ჩამოქცევის პარამეტრებს ადგენენ ქანის თვისებების, საბადოს სიღრმისა და სამთოტექნიკური პირობების მიხედვით. თუ ჭერის ქანები მაგარი და მდგრადია, ჩამოქცევა ხდება ხელოვნურად, აფეთქებითი სამუშაოების გამოყენებით. ქანების ჩამოქცევის კანონზომიერებათა შესწავლა საშუალებას იძლევა სწორად შევარჩიოთ სასარგებლო წიაღისეულის დამუშავების სისტემა, სრულვყოთ სამაგრის გაანგარიშების მეთოდები, გვირაბებისა და ზედაპირულ ნაგებობათა დაცვის წესები და სხვ. საბადოს ღია დამუშავების დროს ზოგჯერ კარიერის ბორტები და საფეხურები ჩამოიქცევა. მათ მდგრადობას უზრუნველყოფენ სიმაღლისა და დახრილობის კუთხის სწორი შერჩევით და ფერდოს ხელოვნური გამაგრებით.

ლიტერატურა რედაქტირება