შოთა ლუტიძე (დ. 24 მაისი, 1927, ზედა ალისუბანი — გ. 7 აპრილი, 2010) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1944 წელს შოთა ლუტიძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა 1949 წელს ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით. შოთა ლუტიძის შრომითი ბიოგრაფია და სამეცნიერო რეგალიები მეტად ვრცელია: რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, მოსკოვის გ. კრჟიჟანოვსკის სახელობის ენერგეტიკის გამოყენებითი კრიოგენული ტექნიკის ლაბორატორიის უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი და სხვა. შრომითი საქმიანობა მომავალმა მეცნიერმა დაიწყო 1949 წელს ხარკოვის ელექტრომექანიკურ ქარხანაში, სადაც გაგზავნილ იქნა განაწილებით. ქარხანაში იგი აქტიურად მონაწილეობდა სპეციალური დანიშნულების ასინქრონული ძრავების ახალი სერიის ათვისებაში. 1951 წელს შოთა ლუტიძე გახდა მოსკოვის გ. კრჟიჟანოვსკის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 1954 წელს მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც მიძღვნილი იყო ბუფერული ვენტილების გამოყენებით მსხვილი სინქრონული მანქანების აგზნებისა და რეგულირების ვენტილური სისტემებისადმი. ახალგაზრდა სპეციალისტი დატოვებულ იქნა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-მუშაკად. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა დიდი მოცულობის სამუშაო მართვადი ნახევარგამტარი კომუტატორიანი ელექტრული მანქანების ახალი კლასის ზოგადი თეორიის შესაქმნელად, რომლის დასრულების შემდეგ, 1966 წელს შოთა ლუტიძემ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ჩატარებული კვლევების შედეგები მის ოთხ მონოგრაფიაშია გადმოცემული. 1969 წელს შ. ლუტიძეს პროფესორის წოდება მიენიჭა. 1974 წლიდან იგი შეუდგა სრულიად ახალი და აქტუალური სამეცნიერო მიმართულების — ენერგეტიკაში ზეგამტარობის მოვლენის გამოყენებისა და ამ მოვლენის საფუძველზე ენერგიის გარდაქმნის პრობლემების კვლევას. კრიოგენული ელექტროტექნიკის ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერიმენტული სამუშაოების შედეგად შოთა ლუტიძემ დაამუშავა ზეგამტარში ელექტრომაგნიტური ველის გათვლის ინჟინრული მეთოდიკა და შექმნა ფუნქციონალურ პარამეტრებზე დაფუძნებული ზეგამტარების მაკროსკოპული არალოკალური თეორია. ეს თეორია აღიარებულ იქნა არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ საზღვარგარეთაც.

ღვაწლმოსილი მეცნიერი სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად ეწეოდა კვლევით საქმიანობას და სამეცნიერო მოღვაწეობის დასასრულს აღმოაჩინა ელექტროკინეტიკური ინდუქციის ახალი კანონი, დაადგინა ვაკუუმისა და ელემენტარული ნაწილაკების სტრუქტურული შემადგენლობა. ეს სამუშაო წარმოადგენს მის მიერ დამუშავებულ მთლიანად სამყაროში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების, არაცოცხალი და ცოცხალი სხეულების, ველისა და გარემოს ფაზოკინეტიკური ერთიანი თეორიის საფუძველს. ამ აღმოჩენას ეძღვნება მეცნიერის ბოლო წიგნი — „ახალი ელექტროტექნიკა“, რომელიც 2010 წელს გამოიცა. შოთა ლუტიძე ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ენერგეტიკის ინსტიტუტსა და მოსკოვის ი. გუბკინის სახელობის ნავთობის ქიმიისა და გაზის მრეწველობის ინსტიტუტში, სადც 1967 წლიდან მოღვაწეობდა. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 30 საკანდიდატო და 5 სადოქტორო დისერტაცია. იგი 280-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორის, 12 მონოგრაფიისა და 70 გამოგონების. განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა ლუტიძის მოღვაწეობა საქართველოში. 1986 წელს იგი მოწვეულ იქნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორად, სადაც 1987–1994 წლებში განაგებდა ჯერ ელექტრული სადგურების, ქსელებისა და სისტემების, ხოლო შემდგომ — ელექტრული მანქანებისა და აპარატების კათედრებს, აქტიურად მონაწილეობდა ენერგეტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში, იყო ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს წევრი, მისი ხელმძღვანელობით ათმა ქართველმა მეცნიერმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. შ. ლუტიძე დაჯილდოებული იყო „სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის წარჩინებულის“, „სსრკ გამომგონებლისა“ და „ რუსეთის ენერგეტიკის ვეტერანის“ მედლებითა და სამკერდე ნიშნებით. იგი დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა ელექტროტექნიკოსთა საერთაშორისო წრეებში და მიიჩნეოდა მეცნიერების ამ ურთულესი დარგის კორიფედ. შოთა ლუტიძე გარდაიცვალა 2010 წლის 7 აპრილს. დაკრძალულია მოსკოვში.

ლიტერატურა

რედაქტირება

შოთა ლუტიძე // საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სათავეებთან, 1922-2012 : ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 90-ე წლისთავს. - თბ., 2012. გვ. 169-171

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება