შმიდტის ტელესკოპი

არქიტექტურული ძეგლი

შმიდტის ტელესკოპიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. თარიღდება XX საუკუნის დასაწყისით.

აბასთუმნის ობსერვატორიის სამეცნიერო-ტექნიკურ ნაგებობათაგან ერთ-ერთი უადრესი - შმიდტის ორგუმბათიანი ტელესკოპია, რომელსაც ისტორიულთან ერთად არქიტექტურული ღირებულებაც გააჩნია, იგი ტერიტორიის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ნაგებობა მკვეთრად დამრეცი ფერდის კიდესთან არის განთავსებული, ისე, რომ ზურგის მხრიდან მისი შესასვლელი ნიადაგის დონეზეა, ხოლო ფერდის მხარეს მას საკმაოდ მაღალი ცოკოლის სართული ემატება. სწორკუთხა მოხაზულობის გეგმის ერთსართულიანი შენობა მაღალი სფერული გუმბათით დასრულებული ორსართულიანი მრგვალი კოშკურა ნაგებობით არის ფლანკირებული. შენობა რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზეა გამართული. ფერდისკენ მიმართული საფასადე კედლის სიბრტყე ტერაზატით არის მოპირკეთებული. ამავე მხარეს განაწილებულია წყვილ-წყვილი სწორკუთხა ცრუ სარკმელი, რომელთაგან ამ უკანასკნელს ნალესობით შესრულებული წვრილსაფეხურებიანი პროფილირებული საპირე შესდევს. ამავე მხარეს შენობის შუა ნაწილის სახურავის სწორხაზოვან ნაშვერს ქვეშ გასდევს გადახურვის ხის კონსტრუქციის პროფილირებული დაბოლოებები. ზურგის მხრიდან, საიდანაც ნიადაგი შენობის პირველ სართულს უთანაბრდება, შუა, ერთსართულიანი ნაწილი სიმეტრიულადაა დაყოფილი შუაში განთავსებული კარითა და შესასვლელის ორსავე მხარეს განლაგებული ფანჯრებით. რაც შეეხება მრგვალი კოშკების დამუშავებას, ქვედა სართულის სწორკუთხა ღიობებს აქაც პროფილირებული საპირეები შემოუყვება, ხოლო ზედა სართულზე, თარო-კარნიზთან ახლოს - მრგვალი ღიობებია განლაგებული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6459