შილდის პირველი კოშკი
შილდის პირველი კოშკი— არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის თავში, ჩრდილოეთ განაპირას, მდინარე ჩელთის მარცხენა ნაპირას. თარიღდება გვიანდელი შუა სუკუნეებით.
კოშკი გეგმით კვადრატულია (6.5 x 6.5 მეტრი), ოთხსართულიანი, ნაგებია ძირითადად წვრილი რიყის კვით. არქიტექტორულიი ელემენტების (ძირითადად თაღების) გამოსაყვანათ გამოყენებულია კვადრატული აგური. კოშკის გარეთა კედლების წყობაში აშკარად შესამჩნევია ქრონოლოგიურად განსხვავებული ორი სამშენებლო ფენა, რომლებიც ერთმანეთისგან, როგორც ფერით, ისე წყობის ხასიათითაც განსხვავდება. კოშკის ოთხივე კედლის ზედაპირი (დაახლოებით ორი სართულის სიმაღლეზე) გასწორებულია ბათქაშით, რის გამოც უფრო ღია ფერისა ჩანს. კედლების ზედა ნაწილები შეულესავია. აქ ქვა თითქმის იგივე ზომისაა, მაგრამ ქვედა ნაწილებისგან განსხვავებით,ფორმისა და ზომის მიხედვით შერჩეულია და დაწყობილია ჰორიზონტალურ რიგად.
შესასვლელი ორია - პირველ და მეორე სართულზე, ჩრდილოეთით, ორივე კარი თაღოვანია, გამოყვანილია აგურით. შიგნით კი, ფიცრული გადახურვა აქვთ. კოშკის პირველი სართულის შესასვლელის პირდაპირ, სამხრეთ კედელში, გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი ბუხარია. რომლის ორივე მხარეს თითო, სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში ორ-ორი ცალმაგი სათოფურია. ერთი შეწყვილებული სათოფურია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, ნიშის ქვემოთ.
მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში ორი ცალმაგი სათოფურია, დასავლეთისაში - ერთი, თითო შეწყვილებული სათოფური სამხრეთით და ჩრდილოეთითაა. აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში აგურით გამოყვანილი შეისრულთაღიანი ბუხარია. ბუხრის მარჯვნივ, ოდნავ ზემოთ, სწორკუთხა ნიშა. მსგავსი ნიშა დასავლეთითაცაა, სართულის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან, კედლებში, თიხის სამი მცირე ქოთანია ჩადგმული (ორი სამხრეთით, ერთი - დასავლეთით), რომლებსაც, სავარაუდოდ, ტყვიისა და თოფის წამლის შესანახად იყენებდნენ.
მესამე სართულის თითოეულ კედლებში თითო შეწყვილებული სათოფურია. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში - თითო სწორკუთხა ნიშიც. მეოთხე სართულის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ღიობია (სიმაღლე - 80 სანტიმეტრამდე, სიგანე - 60 სანტიმეტრამდე). აღმოსავლეთ კედელი ყრუა, ხოლო დასავლეთისაში ერთი შეწყვილებული სათოფურია მოწყობილი. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები)
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 457.