შემოქმედის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი

შემოქმედის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში.

წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას გარეთ განზიდული ნახევარწრიული აფსიდით. ნაგებია ნატეხი ქვით. კუთხეები, კარისა და სარკმლის მოჩარჩოება გათლილი ფილებითაა გაკეთებული. ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კედლები ძლიერ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთის კარს თაღოვანი მოჩარჩოება აქვს, რომელშიც იმპოსტია ჩადგმული. სამხრეთის და დასავლეთის კედელში ორ-ორი ფართო, მაღალი და თაღოვანი სარკმელია. კარებების და ფანჯრების მოჩარჩოებაში გამოყენებულია სვეტების იმიტაცია, რომელთაც ბაზისები და კაპიტელები აქვთ. ასეთივე იმიტაციაა გამოყენებული ფასადების კუთხეებში. კედლები სრულდებოდა ქვის ერთსაფეხურიანი ლავგარდნით. დასავლეთიდან ტაძარს სტოა უნდა ჰქონოდა. შემორჩენილია მხოლოდ იატაკი.

ეკლესია აშენებულია XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში. მასში დაცული იყო ქედის ეკლესიის იოანე ნათლისმცემლის ხატი. ხატზე იყო სამშენებლო წარწერა, რომლის მიხედვით ქედის ეკლესია აღადგინა მამია IV გურიელმა 1758-1759 წლებში. წმინდა გიორგის ეკლესიაში ინახებოდა ასევე აკიშის საყდრის იოანე ნათლისმცემლის ხატი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16121