შევარდნის საცხოვრებელი სახლი

შევარდენის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთით. თარიღდება XX საუკუნის დასაწყისით. ნაგებია ნატეხი ქვით. კედლები შიგნით შელესილია ნაკელნარევი თიხით.

შენობა ორსართულიანია (სიმაღლე 6 მ). პირველი სართული (ბოსელი) გეგმით წაგრძელებულია. კარი ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილი. კარის წინ ცხენების სადგომია, რომელიც სამი მხრიდან შემოზღუდულია ქვის კედლებით, აღმოსავლეთით კი გახსნილია. პირველი სართული, განივი კაპიტული კედლით გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად. მომცრო ნაწილში ხარების, მოზვრებისა და დეკეულების სადგომია. მოზრდილი ნაწილიც ლასტის ტიხრით, გრძივი მიმართულებით ორად არის გაყოფილი. აღმოსავლეთით საძროხეა, დასავლეთით — საცხვრე. აქვეა კარტოფილის შესანახი ორმო. აღმოსავლეთ კედელში ორი სარკმელია. იატაკზე ფიქლის ფილებია მოგებული. ცხენების სადგომი გადახურულია ბანით, რომელიც მეორე სართულის ტერასაა. ტერასაზე ასასვლელი ფიქლის კიბე სადგომის ჩრდილოეთ კედელზე გარედანაა მიშენებული. მეორე სართული ქვის განივი კედლით გაყოფილია ორად. ოთახები ერთმანეთს განივ კედელში მოწყობილი სწორკუთხა კარით უკავშირდება. ჩრდილოეთ სადგომი, თავის მხრივ ლასტით ორ ნაწილადაა გაყოფილი. დასავლეთ ნაწილში სასტუმრო ოთახია, აღმოსავლეთში — საცხოვრებელი. სასტუმროს სამხრეთ კედელში დიდი სწორკუთხა ნიშანია. ჩრდილოეთისაში ორი მცირე სარკმელია. სასტუმროს წინ ტერასაა, რომელზეც საცხოვრებელი ნაწილის სწორკუთხა კარი გამოდის. სამხრეთ ოთახი ჩრდილოეთ ოთახს ფართობით თითქმის ერთნახევარჯერ აღემატება. ოთახის აღმოსავლეთ კედელში სამი სარკმელია გაჭრილი. ერთი სარკმელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშიცაა. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია ერდოთი.

სართულშუა გადახურვა და სახურავი მოწყობილია ხის კოჭებზე. კოჭები ქვის ბალიშებთან ხის სვეტებს ეყრდნობა. სახურავი ბრტყელია, მიწურბანიანი.

ლიტერატურა

რედაქტირება