შევარდნის მაცხოვრის ეკლესია
შევარდნის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ შევარდნის თავში, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (4,3x3,9 მ), ნაგებია ფიქლის მოზრდილი ქვებით, შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთ კედელში ორი ნიშია, ერთ-ერთში მცირე სარკმელია გაჭრილი. ერთი ნიში ჩრდილოეთ კედელშია. შიგნით ეკლესია გადახურულია ფიქლის თხელი ქვებით. გადახურვა ბრტყელია. შენობას გარედან თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს.
ეკლესიის დასავლეთით, სამიოდე მეტრზე, ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე, დგას ბაზალტის მოზრდილი ქვებით ნაგები კუბური ფორმის სამრეკლო, რომელსაც სამი შესასვლელი ქონია — აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან (ამოშენებულია სანახევროდ) და დასავლეთიდან (ამოქოლილია). ჩრდილოეთ კედელში, შიგნით, მოზრდილი ნიშია. სამრეკლოს ცენტრში დგას ხის სვეტი, მასზე გადადებულია ზარის ჩამოსაკიდებელი ძელი. კედლებზე ალაგ-ალაგ შემორჩენილია შელესილობის კვალი. სამრეკლო გადახურულია ოთხფერდა სახურავით. სახურავის წვერზე, ქვის ბალიშზე აღმართულია ქვისავე ჯვარი, რომელზეც რუსული წარწერის კვალი შეიმჩნევა. ეკლესიის ტერიტორია შემოსაზღვრულია დაბალი გალავნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 487.