შალვა ალექსანდრეს ძე ნებიერიძე (დ. 20 დეკემბერი, 1903, — გ. 1942) — 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე, ემიგრანტი.

შალვა ნებიერიძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმს“ 1922 წელს შეუერთდა. მასთან ერთად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში გაემგზავრა და საბოლოოდ საფრანგეთში დასახლდა. მუშაობდა ტაქსის მძღოლად პარიზში. 1931 წელს სათავეში ჩაუდგა ქართველი ემიგრანტებისგან ჩამოაყალიბებულ დრამატული წრეს, შემდეგ მუდმივი დასს, რომელიც ფინანსური პრობლემების მიუხედავად წარმოდგენებს საფრანგეთის სხვადასხვა თეატრების სცენებზე მართავდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოხალისედ შეუერთდა გერმანელების მიერ შექმნილ სპეციალურ საჰაერო-სადესანტო ნაწილს („თამარ პირველი“), რომელსაც დივერსიები საბჭოთა კავშირის ზურგში, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განეხორციელებინა და მოემზადებინა საქართველოს მოსახლეობის აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 1942 წლის ზაფხულში მათე კერესელიძის მეთაურობით საქართველოს სხვადასხვა რაიონში დესანტირებულ დივერსანტთა უმეტესობა დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. ნებიერიძე ჰაერში მოკლეს.[1]

შალვა ნებიერიძეს ცოლად ჰყავდა (1929 წლიდან) მართა ალექსის ასული ამილახვარი. მათი შვილები იყვნენ ნელი (დ. 1930) და გივი (დ. 1931). ნელი ნებიერიძეს 1945 წელს იძულებით გაუკეთეს რეპატრიაცია საბჭოთა კავშირში, სადაც არაერთი წელი გაატარა პატიმრობასა და გადასახლებაში.[1]

წყაროები

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 რუსუდან დაუშვილი. შალვა ნებიერიძე ყველაზე უმცროსი შეფიცული. Prime Time. 2012 წ. 2 აპრილი.