შალვა ზაქაიძის საცხოვრებელი სახლი
შალვა ზაქაიძის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურნში.
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლისგან დღეს მხოლოდ კედლებია შემორჩენილი, გეგმით სწორკუთხაა. სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. აშენებულია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. მეორე სართულის კარებისა და ფანჯრების საპირეებისათვის გამოყენებულია ანდეზიტის დამუშავებული ქვები. სამხრეთით მიმართული მთავარი ფასადი სიმეტრიულადაა დანაწევრებული კარ-ფანჯრების ღიობებით. პირველ სართულზე გაჭრილია ერთი კარი და ორი ფანჯარა. მეორე სართულზე ოთხი ფანჯარა და ერთი კარი. სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე შემორჩენილია აივნის საყრდენი კონსტრუქციის ჩასამაგრებელი ფოსოები. ორივე ფასადს ერთიანი ღია აივანი შემოუყვებოდა, რომლისგან დღეს აღარაფერია შემორჩენილი. ჩრდილოეთ კედელი ყრუა. აღმოსავლეთ ფასადის პირველი სართულიც ყრუა, ხოლო მეორეზე განთავსებული იყო ორი სწორკუთხა ფანჯარა. ერთი შენარჩუნებულია, მეორე კი ჩამოშლილი. პირველი სართულის კარ-ფანჯრებზე გადებულია ხის არქიტრავი. მეორე სართულის კარ-ფანჯრებს გარედან აქვს ანდეზიტის თლილი ქვის საპირეები შუაში საჭექი ქვით, ხოლო შიგნიდან ნატეხი ქვით შექმნილი ზღუდარები. ინტერიერში ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელზე პირველ სართულზე დატანებულია ორი თახჩა (არქიტრავული გადახურვით) და ბუხარი. სახლი ადგილობრივების გადმოცემით 1967 წელს მურღულებმა შეიძინეს კაიშურებისგან. შემდგომ კი, მათგან შეიძინა შალვა ზაქაიძემ. 1990-იან წლებში სახლის უმეტესი ნაწილი ხანძარმა გაანადგურა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35075