შალაურის ეკლესიების კომპლექსი
შალაურის ეკლესიების კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი სოფელ შალაურის ზემოთ, სასაფლაოზე. კომპლექსში შედის სხვადასხვა დროის, ორი, დარბაზული ეკლესია, რომელთა შორის ერთი ღვთისმშობლის, ხოლო მეორე წმინდა გიორგის სახელზეა აგებული.
ღვთისმშობლის ეკლესია
რედაქტირებაღვთისმშობლის ეკლესია უფასადოა (გარეთა ზომები: სიგრძე 6,15 — მ, სიგანე — 4,5 მ). თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია, ტლანქი, კთხეებში, ალაგ-ალაგ, სირიმის ქვებიცაა ჩართული. ეკლესიას აშკარად ემჩნევა გვაინდელი შეკეთების კვალი. განახლებული ნაწილები აგურისა და წერილი, რიყის ქვის შერეული წყობითაა გამოყვანილი, ხოლო ლავგარდანი, რომელიც ასევე აღდგენილია, მთლიანად აგურისაა. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან, კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. კარი შიგნიდან, შირიმის, ორი ქვით შედგენილი, ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. გარედან კი, მოგვიანებით, გაუგანიერებიათ და თარაზულად გადაუხურავთ. შიგნიდან კედლების წყობა ოდნავ უფრო ტლანქია, ვიდრე გარედან. აღმოსავლეთ კედლის ცენტრში მოწყობილია დაბალი, ბრტყლად გადახურული სარკმელი, ბოლოებში კი, თითო, მცირე, ოთკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული, რომელსაც გეგმით ტრაპეციის ფორმა აქვს. ოდნავ მოგრძო დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის ნაგებობაა მიშენებული საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელზეც, რომელიც როგორც ჩანს სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. საკურთხეველი დანარჩენი სივრცისგან გამიჯნული იყო შირიმის, ნათალი ქვებით ნაწყობი, კედლიდან ოდნავ გამოშვერილი, შეკიდული საბჯენი თაღით და გვიანდელი აგურით ნაშენი კანკელით. საკურთხევლის სარკმლის გარდა, ერთი მსგავსი კედელი დასავლეთ კედელშიცაა. იგი გარედან შირიმის ქვებითაა გამოყვანილი და ნახევარწრიული თაღი ხურავს. გარედან ეკლესიის კედლები გასწორებულია კირის დუღაბის სქელი ფენით, რომელიც საპირე ქვების დიდ ნაწილს ფარავს. ლავგარდანი ორსაფეხურიანია. ორივე საფეხური აგურის თითო რიგითაა გამოყვანილი. ქვედა რიგში აგურები კუთხით არის გამოშვერილი, ზედაში კი ჩვეულებრივადაა დაწყობილი.
წმინდა გიორგის ეკლესია
რედაქტირებაეკლესიის სამხრეთით ორიოდე მეტრის მანძილზე, დგას XIX საუკუნეში აგებული, დაახლოებით ორჯერ უფრო დიდი ზომის წმინდა გიორგის ეკლესია. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია შვერილი, ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც გარედან ეკლესიის ძირითადი კორპუსიდან, მხრებითაა გამოყოფილი და დამოუკიდებელი, ნახევარკონუსისებური სახურავი ხურავს. ძირითადად რიჟისა და ნატეხი ქვითაა ნაშენი. სარკმლების ღიობები და კონსტრ. ელემენტები გამოყვანილია კვადრატული აგურით. კედლები გარედან ბათქაშითაა გასწორებული, შიგნიდან კი შელესილია. შესასვლელი ორია დასავლეთით და სამხრეთით. ორივე შესასვლელის გვერდები შირიმის ნათალი ქვისაა. შესასვლელები გარედან, მთლიანი ქვით, თარაზულად არის გადახურული, ხოლო შიგნიდან ნახევარწრიული თაღით. ეკლესიის დარბაზი და მისი გადამხურავი კამარა, პილასტრების ორი წყვილითა და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღებით სამ, თანაბარ ნაწილად იყოფა. თითო პილასტრი დასავლეთ კუთხეებსიცაა. მათ დასავლეთ კედლის მიმდებარე თაღი ეყრდნობა. ყველა თაღი ნაწევარწრიული ფორმისაა. თაღების ქუსლებთან გამოყოფილია, მაღალი, სამსაფეხურიანი იმპოსტები. ამავე იმპოსტებზე არის დაყრდნობილი, პილასტრების შორის არსებული ყრუ ტაღებიც. საკურთხევლის აფსიდი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდის ცენტრსი განიერი, შიგნიდან ნახევარწრიული, ხოლო გარედან ოდნავ შეისრული თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი. ეკლესიაში კიდევ ექსვი, მსგავსი სარკმელია: სამი ჩრდილოეთ კედელში, ორი - სამხრეთ კედლის განაპირა მონაკვეთში და ერთიც დასავლეთ კედელში. სესასვლელის ზემოთ, ყველა სარკმელი რკინის გისოსებითაა აღჭურვილი.
აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში, ერთმანეთთან ახლოს, სხვადასხვა ზომის, ორი, თაღოვანი ნიშაა. სამხრეთისაში კი-ერთი. ჩრდილოეთ ნიშებიდან ერთი, შედარებით მოზრდილი, გეგმით ნახევარწრიულია და კონქითაა გადახურული. ეკლესიაში დაკრძალულია აზნაურ სოლომონ მაჭავარიანის მეუღლე ნინა მაღლაკელიძე. ეკლესიის ფასადები მარტივია. გრძივი ფასადები, გაფორმების სისტემით, ერთგვაროვანია. მორთულობის ელემენტებია: პილასტრისებრი, სადა შვერილები და მათ შორის მოქცეული სწორკუთხა, შეღრმავებული არეები, რომლებიც თანაბრად ანაწევრებს კედლის ვრცელ ზედაპირს. შვერილები და მათ შორის მოქცეული არეები თანაბარი სიმაღლისაა. მათ ზემოთ კი — ლავგარდნამდე. კედლის დარჩენილი სიბრტყე, სრულიად გლუვია. თითოეულ ფასადზე სამ-სამი დამაგვირგვინებელ, თაროსებრ საფეხურს ებმის. თით შვერილი დასავლეთ ფასადის კიდეებშიცაა გამოყვანილი, რომლებიც მათ მთელ სიმაღლეზე აუყვება. ორივე შესასვლელი ოდნავ შეღრმავებულ, თაღოვან არეშია მოთავსებული, მათ თავზე, ამ ფარგლებშივე, მცირე ზომის, კვადრატული ნიშაა. დასავლეთ სარკმლის ზემოთ, ფრონტონის არეში, აგურის წყობის შეღრმავებით, ორსაფეხურიან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარია გამოსახული. საკურთხევლის შვერილი სადაა, მოკლებულია დეკორატიულ სამკაულს. იგი დასრულებულია ორსაფეხურიანი ლავგარდნით, რომლის თითოეული საფეხური ჩვეულებრივად დალაგებული აგურის, ორი რიგითაა გამოყვანილი. ანალოგიური ლავგარდნითაა დასრულებული დანარჩენი კედლებიც. ეკლესია დგას დაბალ, ერთსაფეხურიან ცოკოლზე. გადახურულია ღარისებრი კრამიტით. ეკლესიის დასავლეთ კედლის თავზე აგურით გამოყვანილი კვადრატული ბაქანია, რომელზეც დადგმულია აგურისავე ორსაფეხურიანი ლავგარდნით დასრულებული, ექვსწახნაგა სამრეკლო, რომლის ექვსივე კუთხეში ექვსწახნაგა ბოძია აგებული. ბოძები დასრულებულია ორსაფეხურიანი კაპიტელებით. ამ უკანასკნელებს კი, ნახევარწრიული თაღები ეყრდნობა. შიგნით სამრეკლო გუმბათოვანი კამარითაა გადახურული, გარედან კი - პირამიდული ფორმის, ექვსწახნაგა სახურავით. 2010 წელს, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, ძეგლზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: გამაგრდა ღვთსმშობლის ეკლესიის კედლები. კუთხეებში მოიხსნა გვიან განახლებული, მორყეული ნაწილები და ამოშენდა ადრე არსებულ წყობასთან შეხამებით. განახლდა კანკელით. დაიგო აგურის იატაკი, აღდგა ლავგარდნის ჩამოშლილი ნაწილი და ეკლესია ღარისებრი კრამიტით გადაიხურა. წმინდა გიორგის ეკლესიის კედლები შიგნიდან შეილესა, ხოლო გარედან შეთეთრებისგან გასუფთავდა. დაიდგა კანკელი. მოიხსნა სამხრეთ შესასვლელის თავზე არსებული ლითონის მარკიზი. აღსდგა საკურთხევლის შვერილის ლავგარდანი. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით, სამრეკლო კი - აგურით გამოყვანილი, ექვსწახნაგა, პირამიდისებრი სახურავით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 366-368.