შავშურაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აჭარიდან.

გადმოცემის თანახმად, წარმოშობით შავშეთიდან უნდა იყოს.

შავშურა კარგად შეეგუა ზემო აჭარის ეკოლოგიურ პირობებს. მაღლარების სახით ერთეული ძირებია გავრცელებული ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაოს, ფურთიოსა და ალმეს მიდამოებში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრ-ჯაგრისებურად მცირედაა შებუსული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, ფრთიანი. თხელია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, ღია მწვანე, მოქარვისფრო ელფერით. კანი სქელი და საკმაოდ მკვრივი აქვს ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი უფრო ხორციანია, ვიდრე წვნიანი, ტკბილი გემოთი.

შავშურა საშუალო ზრდა-განვითარებისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 190-195 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. ჯიში მოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 135 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.5-9.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.9%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.4 გ/ლ-ს.

შავშურა გამოიყენება სასუფრე ყურძნად. მტევანი და მარცვალი ლამაზი გარეგნობისაა და ადვილად იტანს ტრანსპორტირებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 418