მთავარი მენიუს გახსნა

ვასილ პავლეს ძე ყუშიტაშვილი (დ. 25 აპრილი, 1894, თბილისი — გ. 16 იანვარი, 1962, იქვე) — ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფიარედაქტირება

სწავლობდა თბილისის პირველ გიმნაზიაში, აქვე ეზიარა თეატრს სცენისმოყვარეტა სპექტაკლებში. 1913 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა ვ. კომისარჯევსკაიას სახელობის დრამატულ სტუდიაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ თ. თ. კომისარჟევსკი, ვ.გ. სახნოვსკი, ვ.ო. მასლიტინოვა და სხვა. მოგვიანებით ახალგაზრდა ხელოვანი პეტროგრადში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის თვითმოქმედ თეატრს, დგამდა სპექტაკლებს.

1918 წელს ვასილ ყუშიტაშვილი თბილისშია. აქ შედგა მისი დებიუტი ქართულ პროფესიულ სცენაზე. ოპერის თეატრში განხორციელდა სოფოკლეს ტრაგედია „ანტიგონე“. 1919–1933 წლებში მოღვაწეობდა საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. იყო ანტუანის თეატრის რეჟისორი. 1921 წელს შ. დიულენთან ერთად საფუძველი ჩაუყარა სახელგანთქმულ ფრანგულ თეატრს „ატელიეს“. მან დადგა გოლდონის „მარაო“, აშის „შურისძიების ღმერთი“, მოლიერის „ჟორჟ დანდენი“, არისტოფანეს „ფრინველები“ და სხვა.

„ატელიეში“ მოღვაწეობასთან ერთად ვასო ყუშიტაშვილი სპექტაკლებს დგამს პარიზის ცნობილ თეატრებში — „ოდეონი“, „პორტ სენ მარტენი“, „ელისეს მინდვრების თეატრი“. ნიუ-იორკში განახორციელა ოფენბახის „დიდი ჰერცოგინია“, ჟან ლარიკის „ქალწული საფრანგეთიდან“, ნიუ-ორლეანში ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“. სამშობლოში 1933 წელს დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც 25 წელი დაჰყო. აქ დიდი წარმატებით დადგა ვ. გაბესკირიას „მათი ამბავი“, გ. შატბერაშილის „ფიქრის გორა“, მ. მრევლიშვილის „ზვავი“, ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი“ და სხვა მრავალი. პარალელურად იგი ხელმძღვანელობდა თეატრებს ზუგდიდში, გორში, ქუთაისში. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურარედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 362, თბ., 1994