ყორნისის წმინდა გიორგის ეკლესია
ყორნისის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორნისში. აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. ეკლესიის შესასვლელის თავზე ჩასმულ ქვის ფილაზე მხედრული წარწერაა: „ესე ეკლესია აღაშენა რუსის იმპერატორმა“.
შვერილაბსიდიანი, დარბაზული ეკლესია ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია კარგად თლილი კვადრები.
ნაგებობა გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, უწესო ფორმის ნახევარწრიული აბსიდით. ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით თაღოვანი ნიშია. კონქი ამოყვანილია აგურის რადიალური რიგებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობოდა. საკურთხევლის წინ შემორჩენილია სოლეა.
გრძივი კედლები წყვილი პილასტრის საშუალებით ორ ტოლ ნაწილად იყოფა. პილასტრებს კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობოდა. ფართო თაღოვანი სარკმლები კედლებზე სიმეტრიულადაა განლაგებული. თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიის კედლები შიგნიდან შელესილ-შეთეთრებული იყო. ეკლესიის დასავლეთი ფასადის ფრონტონი აქცენტირებულია აგურის წყობაში ჩაძირული ჯვრით. ამავე ფასადზე შემორჩენილია თარო ლავგარდნის მცირე ფრაგმენტი.
ეკლესიის კამარა და კონქის დიდი ნაწილი ჩამოქცეულია. აღმოსავლეთი კედელი გარღვეულია. ინტერიერში ამოსულია მცენარეები. ეკლესიის გარშემო ყრია ჩამონაშალი ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004