ყვარლის ცხრაკარას ეკლესია

ყვარლის ცხრაკარას ეკლესიაეკლესია ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქ ყვარელში. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ნაგებია სხვადასხვა ზომის და ფორმის ნატეხი ქვიშაქვით. დახურულია კრამიტით. ტაძარი მინაშენებთან შედარებით ფართო და მაღალია. მას შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ორივე კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. ეკლესია განათებულია აღმოსავლეთის მაღალი და ფართო თაღოვანი და სამხრეთის ორი თაღოვანი სარკმლით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომელიც დარბაზისგან მხრითაა გამოყოფილი და ერთი საფეხურით ამაღლებული. კამარასა და აბსიდის თაღს შორის შუბლია გამოყვანილი. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ კედელთან აგურით ნაგები გვიანი პერიოდის ტრაპეზია. დასრულებულია კამარით, რომელიც ტაძრის დასავლეთ კედელზე, კარის აქეთ-იქით მიშენებულ პილასტრებზე გადასულ თაღებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ ნაწილში შეკიდული საბჯენი თაღებით გამოყოფილია გეგმით კვადრატული სივრცე, რომელსაც კამარა ხურავს.

2018 წელს ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 13602