ყვავის საყდარი (ახაშენი)
ყვავის საყდარი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის ჩრდილოეთ განაპირას, მიზანაშვილების ეზოში. განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს.
საყდარი სამეკლესიანი ბაზილიკაა, ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვის სწორი რიგებით. გარეთა კუთხეებში შერჩეული, სრულიად დაუმუშავებელი ლოდებია გამოყენებული.
ძლიერ დაზიანებულია, მთლიანადაა დანგრეული გვერდითი ეკლესიები და მათი დამაკავშირებელი დასავლეთ გარშემოსავლელი, ჩამონგრეულია მთავარი ეკლესიის კამარა და კედლების ზედა ნაწილები.
მთავარ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. კარი გარედან ქვიშაქვის თხელი ქვით გადახურულია თარაზულად, შიგნით ნალისებრი თაღით. დასავლეთ კარი ორივე მხრიდან სწორკუთხაა. ერთი ბრტყლად გადახურული კარი მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეშია, რომელიც ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ კიდეში მოწყობილ სამკვეთლოში გადის.
მთავარი ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით, აფსიდის ღერძზე გაჭრილია ვიწრო და მაღალი, თითქმის პარალელურქირთხლებიანი სარკმელი. იგი შიგნით თარაზულადაა გადახურული, ხოლო გარედან- შირიმის ქვაში გამოკვეთილი ნალისებრი თაღით, რომლის ზემოთ გამოყვანილია ჰორიზონტალური გადანაკეცებიანი რელიეფური თავსართი. აფსიდის გვერდებში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა, სარკმლის ქვემოთ შემორჩენილია კედელზე მიშენებული ტრაპეზის ნაშთიაფსიდი გადახურულია კონქით, კონქის თაღი ნალისებრი ფორმისაა. ნალისებრი მოხაზულობა ჰქონია კამარასაც რომლის ქუსლის წყობა ჩრდილოეთ კედელს შემორჩა.
სამკვეთლო ნალისებრაფსიდიანი პატარა სათავსია, ამჟამად მისი უმეტესი ნაწილი დანგრეულია და მიწითაა ამოვსებული. შემორჩენილია აფსიდის ჩრდილოეთ გვერდი მცირე სწორკუთხა ნიშნით და სარკმლის ჩრდილოეთ წირთხლის ნაწილი, გვერდის ეკლესიები და დასავლეთ გარშემოსავლელი გადახურული ყოფილა კამარით. რომლის დასაყრდნობად მთავარიეკლესიის კედლებზე, მთელ სიგრძეზე, მოწყობილია მცირე ზომის თარო.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 56.