ყაბი (თურქ. kap — „ჭურჭელი“)[1] — საკვების საზომი ერთეული ფეოდალური ხანის საქართველოში. ივანე ჯავახიშვილის განმარტებით, ყაბი თურქულად ზოგადად ჭურჭელს, ქოთანს, ქვაბს, პარკსა და საფენსაც ნიშნავს, მაგრამ ქართულში იგი მხოლოდ ქვაბისა და საჭმლის ჭურჭლის მნიშვნელობით არის შემოსული. ეს საზომი მოხარშული ბრინჯისა და საერთოდ საჭმლის ოდენობის საზომად და ერთგვარ ერთეულად იხმარება ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“, სადაც სასახლისა და მეჯლისის გარიგებაში ხშირად გვხვდება. ამავე წყაროდან ირკვევა, რომ ყაბი იმ ჭურჭლის სახელი იყო, რომელშიც საჭმელს აკეთებდნენ. მასში საჭმლის მასალის გარკვეულ ოდენობას ხმარობდნენ და ამიტომაც, იგი ერთგვარ საზომს წარმოადგენდა. იმისდა მიხედვით, თუ რა საჭმელი მზადდებოდა, ყაბსაც თავისი განსაკუთრებული სახელი ჰქონდა და მასალის განსაზღვრული რაოდენობა მოხმარდებოდა.[2]

  1. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი : რვატომეული / არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით, ტ. 7, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1958. — გვ. 494.
  2. ჯავახიშვილი ნიკო, ყაბი // ივანე ჯავახიშვილი : ენციკლოპედიური ლექსიკონი / მთ. რედ. მეტრეველი რ., თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002. — გვ. 689, ISBN 99928-929-8-6.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ყაბი&oldid=4435741“-დან