ქრისტეფორე რომაელი

(გადამისამართდა გვერდიდან ღირსი ქრისტეფორე რომაელი)

ღირსი ქრისტეფორე რომაელიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე (ფანტინე საკვირველთმოქმედთან ერთად) არის ძველი სტილით 30 აგვისტო, ახალი სტილით — 12 სექტემბერი. წმინდანი VI საუკუნეში ცხოვრობდა. იგი პალესტინაში, ღირსი თეოდოსი დიდის (ხს. 24 იანვარს) მონასტერში შედგა ბერად. ამბა თეოდულეს მონათხრობები ღირსი ქრისტეფორეს შესახებ ჩართულია კრებულში „ლიმონარი“.

ერთხელ ღირსი ქრისტეფორე იერუსალიმში ჩავიდა უფლის წმიდა საფლავისა და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანსაცემად. მისი ყურადღება მიიპყრო ტაძრის ბჭეებთან გაჩერებულმა ბერმა, რომლის პირისახის წინაც ორი ყვავი დაფრინავდა. ქრისტეფორემ გულისხმაყო, რომ ესენი იყვნენ ეშმაკები, რომლებიც ძმას საყდარში არ უშვებდნენ და მას ჰკითხა: „ბჭეებში რად დგეხარ, შიგ რატომ არ შედიხარ?“ - „მომიტევე, მამაო, - უპასუხა ბერმა, - ჩემში ორი აზრი ებრძვის ერთმანეთს; ერთი მეუბნება: მოდი, თაყვანი ეცი პატიოსან ჯვარს; მეორე კი ამბობს: ნუ შეხვალ, ჯერ შენი საქმე აღასრულე, ჯვარს კი შემდეგაც შეგიძლია სცე თაყვანი“. მაშინ ქრისტეფორემ ხელი ჩასჭიდა მამას და საყდარში შეიყვანა. ყვავები იმავ წამს გაქრნენ, ბერი კი სიწმიდეებს მიემთხვია და თაყვანი სცა. ღირსი ქრისტეფორე ამას იმათ დასამოძღვრად ყვებოდა ხოლმე, ვინც არ იჩენს გულმოდგინებას ლოცვაში და ავიწყდება, რომ ჯერ სულიერი მსახურება უნდა აღასრულო, შემდეგ კი - აუცილებელი საქმეები.

დღისით ღირსი ქრისტეფორე მორჩილების საქმეებს ასრულებდა მონასტერში, საღამოს კი მიდიოდა გამოქვაბულში, სადაც ადრე ღირსი თეოდოსი და სხვა მამები ლოცულობდნენ. მღვიმისკენ მიმავალ ყოველ მეთვრამეტე საფეხურზე იგი ას მეტანიას აკეთებდა და ღამის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებდა. ასეთ ღვაწლში გალია მან თერთმეტი წელი. ერთხელ მღვიმეში წმიდანმა უამრავი კანდელი დაინახა, რომლებსაც ორი ნათელმოსილი ჭაბუკი ანთებდა. _ „რატომ დააწყვეთ აქ კანდელები ისე, რომ შიგ სალოცავად შესვლა არ შემიძლია?“ - იკითხა ქრისტეფორემ. - „ეს იმ მამათა კანდელებია, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან“, - უპასუხეს ყმაწვილებმა. - „მითხარით, ჩემი კანდელი ანთია თუ არა?“ „ჩვენ დავანთებთ“, - იყო პასუხი. მაშინ ნეტარმა მამამ გაიფიქრა: „ჰოი, ქრისტეფორე, შენ კიდევ უფრო დიდი ღვაწლი უნდა იტვირთო, შენი კანდელი რომ აანთო!“ იგი სინას მთის მონასტრისკენ გაეშურა ისე, რომ თან არაფერი წაუღია და აქ ორმოცდაათი წელი დაჰყო მძიმე და დაუცხრომელ ღვაწლში. ბოლოს უფლის სათნომყოფელს ჩაესმა ხმა: „ქრისტეფორე! დაბრუნდი შენს მონასტერში, სადაც ადრე მოსაგრეობდი, რომ იქ შენს მამებთან ერთად განისვენო“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001 წ.