ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ღირსი თეოფილაქტე ნოკომიდიელი (გ. 842-845 შორის) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 8 მარტი, ახალი სტილით — 21 მარტი. ხატმებრძოლთა ერესის ბატონობის დროს ცხოვრობდა კონსტანტინეპოლში. იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) სიკვდილის შემდეგ ტახტზე კონსტანტინე VI (780-797) ავიდა, შეიცვალა პატრიარქიც: წმინდა პავლემ (ხს. 12 სექტემბერს) უარი განაცხადა მღვდელმთავრის კათედრაზე (784 წ.). ახალ პატრიარქად აირჩიეს წმ. ტარასი (ხს. 9 მარტს), რომელიც იმ დროს მეფის პირველი მრჩეველი იყო. წმ. ტარასის მოთხოვნით მოიწვიეს VII მსოფლიო კრება (787 წ.), რომელმაც დაგმო ხატმებრძოლეობის ერესი. მართლმადიდებლობას შედარებით მშვიდი ხანა დაუდგა. ისევ აივსო მონასტრები, აღსდგა სულიერი ცხოვრება.

წმიდა ტარასის ერთგული მოწაფე წმიდა თეოფილაქტე წმინდა მიხეილთან (ხს. 5 ივნისს) ერთად, პატრიარქის კურთხევით, შავი ზღვისპირა მონასტერში განმარტოვდა. ქრისტეს თავდადებულმა მსახურებმა ღვთივსათნო საქმეებისა და დაუცხრომელი ლოცვისათვის უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღეს: მათი ლოცვით ზაფხულის პაპანაქებასა და გვალვაში ყანაში მომუშავეებს სასმელი წყალი არ მოჰკლებიათ.

მონასტერში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ პატრიარქმა წმიდა მიხეილი — სინადის ეპისკოპოსად, წმ. თეოფილაქტე კი — ნიკომიდიის ეპისკოპოსად აკურთხა.

ეპისკოპოსის ხარისხში მყოფი თეოფილაქტე დაუცხრომლად იღვწოდა თავისი სამწყსოსათვის. აშენებდა ტაძრებს, საავადმყოფოებს, გლახაკთა თავშესაფრებს, უხვად გასცემდა მოწყალებას, მფარველობდა ობლებს, ქვრივებს, უძლურებს, უვლიდა კეთროვნებს.

როცა იმპერატორის ტახტზე ავიდა ხატმებრძოლი ლეონ V სომეხი (813-820), საშინელმა ერესმა ახალი ძალით იფეთქა. იმპერატორზე გავლენა ვერ მოახდინა წმ. ტარასის შემცვლელმა წმინდა ნიკიფორემ (ხს. 15 ივნისს), რომელიც ეპისკოპოსებთან ერთად არწმუნებდა იმპერატორს, არ დაერღვია ეკლესიის სიმშვიდე. მოლაპარაკებაზე მყოფმა თეოფილაქტე ნიკომიდიელმა უშიშრად ამხილა ერეტიკოსები და ლეონ სომეხს მალე გარდაიცვალება უწინასწარმეტყველა. ამისთვის ის ტროვილის ციხესიმაგრეში (მცირე აზია) გადაასახლეს. აქ იტანჯებოდა წმიდა მღვდელმთავარი სიკვდილამდე, 30 წლის განმავლობაში; აღესრულა დაახლოებით 845 წელს.

ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ (847 წ.), წმინდა თეოდორასა (ხს. 24 თებერვალს) და მისი შვილის, მიხეილის დროს, წმიდა ეპისკოპოსის თეოფილაქტეს ნაწილები პატივით გადაასვენეს ნიკომიდიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 241-242