ქუჯის მთავარანგელოზის სათემო ხატი
ქუჯის მთავარანგელოზის სათემო ხატი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუჯის აღმოსავლეთით, მაღალ გორაზე. ხატის კომპლექსში შედის საბრო, საზარე, საკვირაო, ბეღელი, საჯარე, სალუდე და დარბაზი. საბერე გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის, ფიქლის ქვისაგან მშრალად ნაგები შენობაა, მას სამხრეთ-დასავლეთ მხარეს დარიფანი აქვს მოწყობილი. დარიფანის ცალფერდა გადახურვა საბეროს გრძივი კედლების წინწამოწეულ ნაწილებს და ორ ხის ბოძს ეყრდნობა. დარიფანი წინიდან რიყის ქვის დაბალი კედლითაა შემოზღუდული. ეს ე.წ საჯარვა, რომელიც დარიფანს ხუთსაფეხურიანი ქვის კიბით უკავშირდება, საბეროს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ბუხარია. დასავლეთ კედლის გასწვრივ ქვის სკამებია. დასავლეთ კედლის გასწვრივ ქვის სკამებია მოწყობილი. სათავსს ორფერდა სახურავი აქვს. საზარე გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია ფიქლის ქვით, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, კარი თაღოვანია. კარის თავზე მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ინტერიერში ჩრდილოეთ კედელზე განჯინის მსგავსი მინაშენია. მის ზემოთ კედელში ნიშია, ნიშის ზემოთ - თარო.
აღმოსავლეთ კედელში ერთიმეორის ზემოთ ორ-ორი სარკმელია გაჭრილი. ქვედა ორი ოთხკუთხაა, ზედა ორი - თაღოვანი. სათავსი ისრული კამარითაა გადახურული. შენობას საფეხუროვანი ორფერდა გადახურვა აქვს. საზარის ჩრდილ-აღმოსავლეთით საკვირაოა - სასანთლე კოშკი. იგი ფიქლის ქვით მშრალად ნაშენი, გეგმით კვადრატულ მასიური ნაგებობაა, რომელსაც დასავლეთით მცირე ნიში აქვს. ბეღელი მდებარეობს საკვირაოს ზემოთ, ჩრდილო-აღმოსავლეთით. ნაგებია ფიქლის ქვით. გეგმით კვადრატულია. კედლები კირითაა შელესილი. კარი აღმოსავლეთ კედლეშია. კარის ზემოთ ფიქლის თაროა. გადახურულია ფიქლის ორფერდა საფეხიროვანი სახურავით. საჯარე ფიქლის ქვის მშრალად ნაშენი ნაგებობაა. მდებარეობს ბეღლის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სანახევროდ დანგრეულია. კარი სამხრეთ კედელში აქვს. სათავსის შუაში ფიქლით ნაშენი კერაა, რომლის ირგვლივ ხის სკამებია. გადახურვა ორფერდაა. საჯარის მახლობლად გეგმით ოთხკუთხა, ფიქლით ნაშენი დარბაზის ნანგრევებია. დარბაზის და საჯარის მახლობლად სალუდეა - ფიქლის მშრალი წყობით ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა და სანახევროდ დანგრეული ნაგებობა. შესასვლელი მას სამხრეთიდან აქვს. სათავსის შუაში ქვის კერა ყოფილა მოწყობილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯინჭარაძე დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 331-332.