ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო — მეორე ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს სააპელაციო საჩივრებს დასავლეთ საქართველოში მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
იურისდიქცია | დასავლეთი საქართველო |
უწყების ხელმძღვანელი/ები | დიმიტრი გვრიტიშვილი, სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი ზარნაძე, სასამართლოს მენეჯერი |
საიტი | |
kutaisiappeal.court.gov.ge |
შენობა
რედაქტირებაქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობა ქალაქის ცენტრალური ბულვარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. იგი იმთავითვე სასამართლოსთვის იყო გათვალისწინებული. ქვის სამსართულიანი კაპიტალური შენობა აიგო 1898-1900 წლებში არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით. იგი ქალაქის მატერიალური კულტურის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. შენობა თეთრი ეკლარის ქვით არის მოპირკეთებული და ადმინისტრაციული ნაგებობისათვის დამახასიათებელი მონუმენტურობით და აკადემიურობით გამოირჩევა.[1]
ინფორმაცია შენობის ისტორიის შესახებ მოცემულია ცნობილი მოგზაურის, დიუბუა დე მონპერეს მიერ 1833 წელს შედგენილ ქუთაისის გეგმაზე. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში შენობაში იმერეთის მმართველობა იყო განთავსებული. იმ პერიოდიდან მოყოლებული შენობამ რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელი და ფუნქციური დატვირთვა. ამ ადგილას საგუბერნიო სასამართლოს სახელმწიფო სასახლის აშენებაზე დისკუსია კი მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. საბოლოოდ, ქალაქის საბჭოსა და გამგეობის დადგენილების თანახმად, ეს ტერიტორია სასამართლო უწყებას 20 ათას მანეთად გადაეცა. ღირებულების ერთი ნაწილი სასამართლო უწყებამ, მეორე კი — ამ საკითხით დაინტერესებულმა ქუთაისის მოქალაქეებმა გადაიხადეს.[1]
1921 წელს, საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ, სასამართლო ხელისუფლებამ შენობა დაკარგა. მასში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო პედაგოგიური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი და ქარხანა, ზუსტ ხელსაწყოთა საკონსტრუქტორო ბიურო და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საფონდო განყოფილება, რამაც სასამართლოს შენობას პირვანდელი იერსახე დაუკარგა.[1]
1995 წელს სასამართლო ხელისუფლებამ შენობა კვლავ დაიბრუნა. შენობას მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მნიშვნელოვანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა და იქ 1999 წლიდან ქუთაისის საოლქო სასამართლო განთავსდა. 2005 წელს, როდესაც სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში საოლქო სასამართლოები ლიკვიდირებულ იქნა, შენობაში სააპელაციო სასამართლო განთავსდა.[1]
ამჟამად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პირველ სართულზე მდებარეობს მოქალაქეთა მისაღები. აქვეა განთავსებული საინფორმაციო კუთხე, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ მიმდინარე პროცესების შესახებ გამოქვეყნებულ ცნობებს, სააპელაციო საჩივრის ფორმის ნიმუშებს და მიიღონ საინფორმაციო ბუკლეტები.[1]
სასამართლოს შენობის მეორე და მესამე სართულებზე მოთავსებულია სააპელაციო სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები და სასამართლო სხდომის დარბაზები.[1]
სტრუქტურა
რედაქტირებაქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოქმედებს სამოქალაქო საქმეთა პალატა, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა და საგამოძიებო კოლეგია. პალატა წარმოადგენს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს, რომელიც სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს სააპელაციო საჩივრებს, კერძო საჩივრებსა და საჩივრებს დასავლეთ საქართველოში მდებარე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე (განაჩენებზე, განჩინებებზე).[1]
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.[1]