ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა - ბიბლიოთეკა საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისში. დაარსდა 1873 წელს ანტონ ლორთქიფანიძის მიერ.[1]

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა
უწყების შესახებ
შეიქმნა 1873
საიტი
http://qsb.gov.ge/

ბიბლიოთეკის დაარსება

რედაქტირება

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსება დაკავშირებულია ანტონ ლორთქიფანიძის სახელთან. ანტონ ლორთქიფანიძე ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო. იგი დაიბადა 1847 წელს ქუთაისის მაზრაში, სოფელ გოჩა–ჯიხაიშში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1872 წელს დაასრულა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ანტონის თაოსნობით ქუთაისში ჩამოყალიბდა სცენისმოყვარეთა საზოგადოება, სადაც ხშირად იმართებოდა ქართული წარმოდგენები. ანტონი აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტის საქმიანობაში, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი მეუღლე ელენე ყიფიანი (დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილი). ანტონ ლორთქიფანიძე იყო ქუთაისის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი და ქალაქისთავის მოადგილე. ეროვნული მსოფლმხედველობის გამო, მას მოღვაწეობა უხდებოდა მუდმივი თვალთვალისა და დევნის პირობებში. მიუხედავად ამისა, თავისი მოქალაქეობრივი და მამულიშვილური ვალი პირნათლად მოიხადა. გარდაიცვალა 1894 წელს. ანტონ და ელენე ლორთქიფანიძეები დაკრძალული არიან ქუთაისის წმინდა გიორგის ეკლესიაში, გორაზე.

ქუთაისის ბიბლიოთეკის გახსნის პირველივე დღეებიდანვე ბიბლიოთეკა იქცა ქუთაისის მოაზროვნე საზოგადოების თავშესაყარ ადგილად. მან თითქმის 20 წელი იარსება, ხოლო 1893 წელს, როცა ქალაქის მმართველობამ გადაწყვიტა ქალაქში საზოგადო–საჯარო ბიბლიოთეკა დაეარსებინა, ანტონ ლორთქიფანიძემ, ყოველგვარი თანხის გარეშე, საკუთარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გადასცა ქალაქის გამგეობას, რითაც, ფაქტობრივად, საძირკველი ჩაუყარა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას.

ბიბლიოთეკის შენობა

რედაქტირება

საჯარო ბიბლიოთეკისათვის, თავდაპირველად, ქალაქის სამმართველოს შენობაში გამოყვეს ორი პატარა ოთახი: ერთი საცავის, მეორე – სამკითხველო დარბაზისათვის. ქუთაისელი საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა ამ ფაქტს. ბიბლიოთეკას წიგნები შეწირეს კირილე ლორთქიფანიძემ, სერგო ბახტაძემ, რიგითმა მოქალაქეებმა. თუმცა საბიბლიოთეკო საქმიანობაში ბევრი ხარვეზიც ყოფილა. ამის შესახებ 1909 წელს გაზეთი ,,ფონი“ წერდა: ,,ნეტავ როდის იქნება, ჩვენი ,,დუმა“ წიგნის სამკითხველოსთვისაც იფიქრებს და როდის იქნება, ჩვენი საზოგადოება სამკითხველოში ჯდომას ისწავლის“. 1910 წელს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკისათვის გამოძებნეს უკეთესი შენობა ქალაქის სამმართველოს კლუბში, ხოლო 1911 წელს ქალაქისთავის – ჩიქოვანის მოწვევით ბიბლიოთეკის გამგედ დაინიშნა პედაგოგი და მწიგნობარი ქალი პელაგია ლორია. მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი საქმიანობა განხორციელდა.

ამჟამინდელი შენობა ბიბლიოთეკას გადაეცა 1934 წელს. თავდაპირველად იგი გახლდათ კომერსანტ გიორგი სტეფანეს ძე აკოფოვის საცხოვრებელი სახლი. რამდენადაც ნაგებობა იმდროინდელ ქუთაისში გამოირჩეოდა ფართითა და მოხერხებული მდებარეობით, ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ 1875 წლის დეკემბერში დაფუძნებულმა ქალაქის თვითმმართველობამ და სათათბირომ სწორედ ამ შენობაში დაიდეს ბინა. 1896 წელს სახლის პატრონმა გიორგი აკოფოვმა შენობა დააგირავა ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკში, საიდანაც ის მოგვიანებით შეიძინა არონ ელიგულაშვილმა.

1909 წელს შენობის მეორე სართულზე მოთავსებული იყო აზოვ–დონის კომერციული ბანკის ქუთაისის განყოფილება, ქვედა სართულზე კი – სხვადასხვა სავაჭრო. 1914–1915 წლებში შენობას ინჟინერ ე. ფრიკეს პროექტით დაამატეს მესამე სართული, რომლითაც მან მიიღო დღევანდელი იერ–სახე. 1957 წელს ქუთაისის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკას მიეკუთვნა დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახელი.

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები

რედაქტირება

1930 წელს ბიბლიოთეკას ეწოდა ქუთაისის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა და მის პირველ დირექტორად დაინიშნა კოსტა თავბერიძე.

1974 წელს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ბაზაზე განხორციელდა ქალაქის ბიბლიოთეკების ცენტრალიზაცია. დღემდე ყველა საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკა სტრუქტურულად ექვემდებარება ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. წელიწდეული (ტომი II), ქუთაისი: ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა, 2010. — გვ. 247-252.