ქრისტიანა ნიუსლაინ-ფოლჰარდი
ქრისტიანა ნიუსლაინ-ფოლჰარდი (გერმ. Christiane Nüsslein-Volhard; დ. 20 ოქტომბერი, 1942, მაგდებურგი, გერმანია) — გერმანელი მეცნიერი განვითარების ბიოლოგიის დარგში, გენეტიკოსი. ემბრიონული განვითარების ადრეული სტადიების გენეტიკური კონტროლის სფეროში აღმოჩენებისათვის 1995 წელს ერიკ ვიშაუსთან და ედვარდ ლიუისთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაქრისტიანა ნიუსლაინ-ფოლჰარდი დაიბადა გერმანიის ქალაქ მაგდებურგში 1942 წელს. მამამისი იყო არქიტექტორი და მისი მრავალწევრიან ოჯახში იყო ხელოვნებითა და მუსიკით დაინტერესება. 12 წლის ასაკში ქრისტიანას უკვე არჩეული ჰქონდა ბიოლოგის კარიერა. 1968 წელს დაამთავრა თიუბინგენის ებერჰარდ-კარლის უნივერსიტეტი, სადაც ბიოქიმიას სწავლობდა. 1973 იქვე დაასრულა დოქტურანტურა გენეტიკაში. ბაზელსა და ფრაიბურგში სტაჟირების შემდეგ, 1978 წლიდან ერიკ ვიშაუსთან ერთად მუშაობდა ჰაიდელბერგში, ევროპული მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში. 1981 დაბრუნდა თიუბინგენში, სადაც იყო მაქს-პლანკის განვითარების ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი 1985 წლიდან 2015 წლამდე.[17][18]
ჰაიდელბერგში ნიუსლაინ-ფოლჰარდი და ვიშაუსი წელიწადზე მეტხანს მუშაობდნენ დროზოფილას ტიპის ბუზების 40 ათასი ოჯახის წარმომადგენლის შეჯვარებაზე და იკვლევდნენ მათ გენეტიკას. ცდისა და შეცდომის მეთოდის გამოყენებით მათ დაადგინეს, რომ ბუზის 20 ათასი გენიდან დაახლოებით 5000 იყო მნიშვნელოვანი და 140 იყო აუცილებელი ადრეული განვითარებისთვის. მათ ბუზის ემბრიონული განვითარების საჭიროებისთვის გამოყვეს სამი გენეტიკური კატეგორია: ე.წ. gap-გენები, რომელიც პასუხისმგებელი იყო სხეულის ფორმირებაზე თავი-კუდის ღერძზე; pair-rule-გენები, რომლებიც განსაზღვრავდა სხეულის სეგმენტურობას; და სეგმენტური პოლარობის (segment-polarity) გენები, რომლებიც აკონტროლებდა თითოეულ სეგმენტში სტრუქტურების განმეორებადობას. 1990-იანი წლების დასაწყისში ნიუსლაინ-ფოლჰარდმა დაიწყო თევზ დანიო-რერიოს განვითარების მაკონტროლებელი გენების კვლევა. კობრისებრთა ოჯახის ეს თევზი განვითარების ბიოლოგიაში იდეალური ექსპერიმენტული მოდელია, ვინაიდან სწრაფად მრავლდება, ახლოს დგას სხვა ხერხემლიანებთან, ხოლო მისი ემბრიონი გამჭვირვალეა. ნიუსლაინ-ფოლჰარდი იკვლევდა თევზის ემბრიონებში უჯრედების მიგრაციას მათი თავდაპირველი ადგილსამყოფელიდან დანიშნულების საბოლოო ადგილამდე. ამ კვლევებმა ნათელი მოჰფინა ადამიანის განვითარებასა და ნორმალური ფიზოლოგიური პროცესების რეგულირებაში მონაწილე გენების და უჯრედული ფაქტორების როლს.[17][18]
1995 წელს ნიუსლაინ-ფოლჰარდმა, ვიშაუმ და ლიუისმა მიიღეს ნობელის პრემია ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში. ნიუსლაინ-ფოლჰარდს ასევე მიღებული აქვს ლაიბნიცის პრემია (1986) და ალბერტ ლასკერის ჯილდო ბაზისური მედიცინის კვლევებში (1991). გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის: „დანიო-რერიო: პრაქტიკული მიდგომები“ (Zebrafish: A Practical Approach, 2002; თანაავტორი რალფ დამთან ერთად) და „სიცოცხლის დასაბამი: როგორ მართავენ გენები განვითარებას“ (Coming to Life: How Genes Drive Development, 2006).[17][18]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Czech National Authority Database
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #120065916 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Christiane Nüsslein-Volhard — ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის.
- ↑ 1991 Winners — Lasker Foundation.
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1995/nusslein-volhard-bio.html
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://scheringstiftung.de/en/programm/lebenswissenschaften/ernst-schering-preis/ernst-schering-preis-1993/
- ↑ http://otto-warburg-medaille.org/index.php/previous-award-winners.html
- ↑ https://www.cuimc.columbia.edu/research/louisa-gross-horwitz-prize/horwitz-prize-awardees/2000-1991-awardees
- ↑ GM Cancer Previous Prize Winners
- ↑ https://www.brandeis.edu/rosenstiel/rosenstiel-award/past.html
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 264.
- ↑ https://www.jeantet.ch/en/prix-louis-jeantet/laureats/1992-en/professeure-christiane-nusslein-volhard/
- ↑ https://www.leopoldina.org/en/press-1/press-releases/press-release/press/2902/
- ↑ https://genetics.org.uk/medals-and-prizes/genetics-society-medals-and-lectures/mendel-medal/
- ↑ 17.0 17.1 17.2 Christiane Nüsslein-Volhard, Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 15 თებერვალი, 2020.
- ↑ 18.0 18.1 18.2 Christiane Nüsslein-Volhard, Nobel Media AB. ნანახია 15 თებერვალი, 2020.