სამეული

(გადამისამართდა გვერდიდან ქოჩაკიძე, ოლეგ)

სამეული, სამი მხატვრის შემოქმედებითი კოლექტივი: ალექსანდრე ნიკოლოზის ძე სლოვინსკი (* 10 ივნისი, 1935, თბილისი), ოლეგ მიხეილის ძე ქოჩაკიძე (* 21 თებერვალი, 1935, მოსკოვი), იური გიორგის ძე ჩიკვაიძე (* 21 ნოემბერი, 1934, თბილისი). ქართველი ფერმწერები, თეატრის მხატვრები, არქიტექტორები, საქართველოს დამსახურებული მხატვრები (1967), კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარი მხატვრები (1976-იდან).

დაამთავრეს თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი (1959). გააფორმეს სპექტაკლები: ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა" (1963), მილერის "სეილემის პროცესი" (1965), ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები" (1966) რუსთაველის სახელობია თეატრში; ფლეჩერის "ჭირვეული ქმრის მორჯულება" (1972), მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" (1974), სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" (1978) - მარჯანიშვილის სახელობის თეატრში; ბრეხტის "ჯარისკაცი ჯარისკაცია" (1965) - მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახელობის თეატრში; ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება" (1973) - მოსკოვის გოგოლის სახელობის თეატრში და სხვა. ქმნიან სცენოგრაფიული ხელოვნების თანადროული ეტაპის შესატყვის გონებამახვილურ დეკორატიული გარემოს, განპირობებულს კონკრეტული სპექტაკლის ამოცანებით. მუშაობენ როგორც არქიტექტორები (ავტომოტელი "უშბა", დიღომი, 1962; ტურისტული სასტუმრო, ბაკურიანი, 1974 და სხვ.); პარალელურად მოღვაწეობდნენ ხელოვნების სხვა დარგებში. გააფორმეს ბიჭვინთის საზღვაო ვაგზალი, 1968; საჭადრაკო და ალპური კლუბები თბილისში და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კინწურაშვილი ქ., ქსე, ტ. 8, გვ. 718, თბ., 1984