ქვემო ხოდაშნის სამების ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ქვემო ხოდაშნის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენის სამხრეთით, სამიოდე კილომეტზე, განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს.

ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა, გარშემოსავლელით სამი მხრიდან. შენობის გეგმის გარეთა სწორკუთხედში (14,1 მ - 10 მ) ჩაწერილია კედლებით გამიჯნული სამი ნავი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენს ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილია მცირე ზომის სათავსი, რომელიც მხოლოდ ცენტრალურ ნავს უკავშირდება. დასავლეთით, ბაზილიკის მთავარი ნავის გაყოლებაზე, განიერი დერეფანია, რომელიც გვერდით ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებს. ნაგებობა დიდი ზომის რიყის ქვითაა ნაშენი, რომლებიც დაწყობილია წესიერ, სწორხაზოვან რიგებად. ზოგიერთი ღიობის გამოსაყვანად და გარეთა კუთხეებში, გამოყენებულია შირიმის სუფთად ნათალი კვადრებიც. მთავარი ეკლესიის სივრცე შედგება საკუთრივ ვიწრო, წაგრძელებული დარბაზისგან (შიდა ზომები აფსიდის ჩათვლით: სიგრძე - 9,4 მ, სიგანე - 3,3 მ). შესასვლელი ორია: დასავლეთით (ამოშენებულია თითქმის მთლიანად) და სამხრეთით. ორივე კარი, გარედან, ლოდით თარაზულად არის გადახურული. შიგნიდან კი რიყის მოგრძო, ნატეხი ქვით გამოყვანილი, ნალისებრი თაღით - ტეხილით წვეროში. აფსიდის ღერძზე განიერი, გარეთკენ ოდნავ შევიწროებული სარკმელია გაჭრილი. მას ორი, თხელი ფილისგან შედგენილი, ბრტყელი გადახურვა და თითქმის ჰორიზონტალური ძირი აქვს. სარკმლის ქვემოთ, ოდნავ სამხრეთით, მოზრდილი, ნალისებრთაღიანი ნიშაა. ამ ნიშის გარდა, აფსიდში, კიდევ ორი, სწორკუთხა ნიშაცაა, რომლებიც სარკმლის აქეთ-იქით, სიმეტრიულად არის განლაგებული. აფსიდს გადახურვა ჩამოშლილი აქვს, რის გამოც ნანგრევებით, იგი დაახლოებით 1,3 მ სიმაღლეზეა ამოვსებული. აფსიდის ორივე კუთხე მთელ სიმაღლეზე დგას, ოღონდ იმპოსტების გარეშე. ისინი, ძირითადად, რიყის შერჩეული ქვითაა ამოყვანილი, ალაგ-ალაგ, შირიმის ნათალი ქვების ჩართვით. მთავარი ეკლესიის დანარჩენი კედლებიდან, მთელ სიგრძეზე, მხოლოდ სამხრ. კედელია შემორჩენილი (დაახლ. 4 მ სიმაღლეზე). დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს კი, როგორც ზედა, ისე ჩრდილო-დასავლეთით კუთხის მიმდებარე ნაწილები აკლია, შემორჩენილი ნაწილები კი ქვებით და მიწითაა დაფარული. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში სარკმლის კვალია. გრძივი კედლები სადაა — უპილასტრო. ჩრდ. კედლის აღმ. ნაწილში, აფსიდის მხართან ახლოს, ვიწრო, თაღოვანი კარია, რომელიც სამკვეთლოში გადის. კარი სამკვეთლოს მხრიდან სწორკუთხაა. სამკვეთლო გეგმით სწორკუთხაა, შემაღლებული პროპორციების (ფართ. დაახლ. 8 მ²). განათებული იყო აღმოსავლეთ კედელში მოწყობილი, პარალელურწირთხლიანი, თავმორღვეული სარკმლით (შემორჩენილი მხოლოდ სამხრ. წირთხლი). სარკმლის ქვემოთ განიერი, სწორკუთხა ნიშაა. სამკვეთლო ცილინდრული კამარითაა გადახურული. მისი აღმოსავლეთი ნაწილი ჩამონგრეულია.

სამხრეთი ეკლესია ვიწრო, გრძელი კორიდორია. ამჟამად სამხრეთ კედლის შუა ნაწილი დანგრეულია, შემორჩენილი ნაწილი კი — ნანგრევებით დაფარული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოჩანს ორთაღიანი შესასვლელის ბურჯიც და თაღების გვერდებიც. დანგრეულია აღმოსავლეთ კედლის დიდი ნაწილი. იგი მთავარი ეკლესიის კორპუსს წყობით არ უკავშირდება. აღმოსავლეთ კედელში ვიწრო, შიგნიდან და გარედან ნალისებრთაღოვანი სარკმელია. ჩამონგრეულია ნავის კამარაც, რომელიც მთავარი ეკლესიის მხარეს დაყრდნობილი იყო კედლიდან შვერილი, რიყის ქვების უწყვეტი მწკრივით შექმნილ საფეხურზე. ნავის მთელი ფართობი ქვებითა და მიწითაა ამოვსებული.

ჩრდილოეთი ეკლესია უაფსიდოა. იგი მთლიანადაა დანგრეული და გასუფთავების გარეშე მისი არქიტექტურული გადაწყვეტა გაურკვეველია. ეკლესია გადახურული იყო კამარით, რომელიც სამხრეთ ეკლესიის შესაბამის კედელზე გამოყვანილ საფეხურს ეყრდნობოდა. ბაზილიკის დასავლეთი გარშემოსავლელი მთავარ ეკლესიას მთელ სიგრძეზე გაუყვება. გვერდით ეკლესიებს იგი მთავარი ეკლესიის გრძივი კედლების გაგრძელებაზე გადაყვანილი, თითო, ფართო თაღით უკავშირდება. თაღების დასაყრდნობად, მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედელზე, ორი სწორკუთხა ბურჯია მიშენებული. დასავლეთით კი, ორივე თაღი გარშემოსავლელის დასავლეთ კედელზეა დაყრდნობილი. გარშემოსავლელს დამოუკიდებელი შესასვლელი არა აქვს. მისი დასავლეთი კედელი ყრუა. გვერდითი ეკლესიების მსგავსად, გარშემოსავლელის კამარაც, თავარი ეკლესიის დასავლეთ კედელზე მოწყობილ, მცირე საფეხურს ეყრდნობოდა. ამჟამად, კამარის აღმოსავლეთი გვერდიღაა შემორჩენილი. ეკლესიის ფასადები დიდი დანაკარგებით არის მოღწეული. კედლები მჭიდროდაა გარემოცული ხეებითა და მცენარეულობით. აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის სარკმელი გამოყვანილი ყოფილა შირიმის ნათალი ქვებით, რომელთაგანაც ერთი ქვაა შემორჩენილი. ეკლესიის თავდაპირველი სახის წარმოდგენა ძნელია. საყურადღებოა ორი მომენტი: ის რომ მთავარი ეკლესია ჩრდილოეთ ეკლესიასთან უშუალოდ დაკავშირებული არაა და დასავლეთ გარშემოსავლელს დამოუკიდებელი შესასვლელი არა აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7125