ქვემო ხოდაშნის აღდგომის ეკლესია
ქვემო ხოდაშნის აღდგომის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ქვემო ხოდაშნიდან სამხრეთ-დასავლეთით, სამიოდე კილომეტრზე, „სანდრიაანთხევის“ მარცხენა ნაპირას, წურბლებად წოდებულ ადგილში. სავარაუდოდ, თარიღდება XIV-XV საუკუნეებით.
ძეგლი მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესიაა ნაგებია რიყის დიდი ქვებით. კედლების ქვემოთა ნაწილებში ქვები შედარებით მსხვილია. გამოყენებულია შირიმიც, რომლითაც კარ-სარკმლებია გამოყვანილი. შირიმის, უსწორმასწორო ქვები გარეთა კუთხეებშიცაა ჩართული. კედლების ზედაპირი გასწორებულია ბათქაშით. წყობა ირეგულარულია, ტლანქი. შენობის გეგმის გარეგან სწორკუთხედში კვადრატული დარბაზი და საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდია ჩაწერილი. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. ორივე მხრიდან შეისრულთაღიანი კარი ხის ძელებზე დაყრდნობილი, რიყის ქვით ამოყვანილი ტიმპანით იყო გადახურული გარეთა თაღის ორივე საფეხური კრამიტითა და თხელი, ნატეხი ქვითაა გამოყვანილი. თაღის ზემოთ, კედლის საპირე წყობაში, რიყის ქვის წყობით, განმტვირთავი თაღია მოწყობილი. ამჟამად მისი უმეტესი ნაწილი ნალესობითაა დაფარული და მხოლოდ ნაწილობრივ იკითხება. ეკლესიის შიდა სივრცეში საკურთხევლის ნაწილი მცირედ შვერილი, დაუდევრად ნაგები პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით გამოიყოფა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მცირე ზომის სარკმელია გაჭრილი, რომელსაც ერთი ქვაში გამოკვეთილი, ოდნავ გაბრტყელებული ფორმის თაღი ხურავს. ერთი, მცირე ზომის, სწორკუთხა სარკმელი დასავლეთითაცაა, იგი შიგნიდან , ქვის ფილებით, ბრტყელადაა გადახურული. გარედან კი შეისრულთაღიანია. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია რიყის ქვით ნაგები, ოთხწახნაგა ტრაპეზი. აფსიდში ორი მცირე ნიშაა, მათგან ჩრდილოეთისა - შედარებით ვიწროა, მაღალი და შეისრულთაღოვანი, სამხრეთისა კი სწორკუთხაა. საკურთხეველი გადახურულია ტლანქად ნაწყობი, ცილინდრული კამარით, რომლის გვერდებში ჩადგმულია თითო რეზონატორი. ეკლესიის შიდა სივრცე ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება და გადახურულია ამორფული, სხმული კამარით. გარედან აღმოსავლეთ სარკმელი გამოკვეთილია არაწესიერი ფორმის, შირიმის, მოზრდილ ქვაში ძირი კი გახსნილი აქვს.
სარკმლის მარცხნივ დოინჯშემოყრილი მამაკაცის, ფრონტალური ფიგურაა — წელზევით. მის მარცხნივ, ფილის დარჩენილ არეზე კი, თითქმის მისივე ტოლი სიმაღლის ჯვრის რელიეფია. ასეთივე სიმაღლის ჯვრის მსგავსი გამოსახულება ღიობის მარჯვნივაცაა. ღიობს ირგვლივ ორმაგი ლილვი ევლება. რელიეფის პლასტიკური დამუშავება პირობითი და სქემატური. შირიმის, მოზრდილ ფილაშივეა გამოკვეთილი დასავლეთ სარკმელიც. ძირი მასაც ღია აქვს და ირგვლივ სადაა ლილვი ევლება. ეს ფილაც რელიეფური ელემენტებითაა გაფორმებული. სარკმლის მარჯვნივ, მცირე ზომის ჯვარი, მის ზემოთ კი „გირჩია“ გამოსახული. სარკმლის მარცხნივ, ქვემოთ, წრეში ჩასმული. მრავალქიმიანი, ვარსკვლავისებრი სახეა. ზემოთ კი მომრგვალებულმხრიანი, სვასტიკის მსგავსი გაურკვეველი ელემენტი. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის აღმოსავლეთით, მოწყობილია განიერი, შეისრულთაღოვანი ნიშა, შესასვლელის მარცხნივ, განმტვირთავი თაღის დონეზე, ნალესობაზე, ეკლესიის ამშენებლის მარჯვენა ხელის მტევანია გამოსახული. შენობის კედლები დასრულებული იყო შირიმის ლავგარდნით, რომლის პროფილს მცირედ დახრილი სიბრტყე და ლილვი შეადგენს. 2009 წელს, საქართველო ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღადგინეს კედლების ზედა ნაწილები და ლავგარდანი. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 354-357.