ქვემო ხვითის ღვთისმშობლის ეკლესია
ქვემო ხვითის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის განაპირას, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (11,8 X 7,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობა დაზიანებულია: მნიშვნელოვანი ბზარია გაჩენილი კამარის შუაში, ეკლესიის მთელ სიგრძეზე, აფსიდის კონქში და აფსიდის კედლის ღერძზე იატაკამდის; ჩამოშლილია ჩრდილოეთის ფასადის საპირე წყობა და ლავგარდანი; ჩამორღვეულია ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეც. დაზიანებული ეკლესია შეუკეთებიათ. დასავლეთის შესასვლელის ზღურბლში გამოყენებულია ორი ჩუქურთმიანი ქვა. ორივე მხრიდან შეისრულთაღიანი შესასვლელები დასავლეთ კედლის შუაში და სამხრეთი კედლის (ამოქოლილია) დასავლეთ მონაკვეთშია. ორივე შესასვლელი გარედან თაღოვან შეღრმავებაშია მოთავსებული. შიგნიდან, შეღრმავების თაღის ქუსლების დონეზე, არქიტრავებია ჩადგმული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. აფსიდის ჩრდილოეთით კონქით დახურული ნიშია, სამხრეთით კი მცირე თაღოვანი ნიში. შიგნიდან შეისრული, გარედან ნახევარწრიული თაღოვანი სარკმლები - თითო დასავლეთით, შესასვლელის თავზე და ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილშია, ორი - სამხრეთით შუა და აღმოსავლეთ ნაწილშია. დარბაზის გრძივი კედლები წყვილ-წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით და დასავლეთ კედლის კუთხის პილასტრით სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრების პირველ საფეხურებზე გადადის კედლის დეკორატიულად შეისრული თაღები. პილასტრები და აფსიდის მხრები დასრულებულია იმპოსტებით (თარო და ირიბად ჩაჭრილი სიბრტყე), რომლებზეც დაბჯენილია კამარის აგურით ნაწყობი საბჯენი თაღები. დარბაზის იატაკი კვადრატული აგურითაა გაწყობილი. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავსართზე გამოსახულია განედლებული ჯვარი, რომელსაც ნახევარწრიული მოჩარჩოება აქვს. სამხრეთ კარის თავზე ჩადგმულია მოზრდილი წარწერიანი ფილა. შენობას გასდევს აგურის ოთხ რიგად ნაწყობი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია მიჭიქული ცისფერი კრამიტით. ეკლესიის დასავლეთ ფრონტონის კუთხეზე დგას აგურის სამრეკლო, რომელიც სწორკუთხა შეღრმავებაში მოთავსებული, ოთხივე მხრიდან ნახევარწრიული თაღებითაა გახსნილი. სამრეკლოს გუმბათოვანი გადახურვა და აგურის პირამიდული სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.