ქვემო ყანდაურის ყველაწმინდის პირველი ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქვემო ყანდაურის ყველაწმინდის ეკლესია.

ქვემო ყანდაურის ყველაწმინდის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ყანდაურის სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდ შუა საუკუნეებს. 2000-იანი წლების I ათწლეულის II ნახევარში ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია თვითნებურად გაურემონტებიათ, რის გამოც მას ისტორიული ღირებულება მთლიანად აქვს დაკარგული. აღდგენილია გადახურვა, კედლები შიგნიდან გაჯით, ხოლო გარედან ცემენტისა და ქვიშის ხრსნარითაა შელესილი. ინტერიერში შეცვლილია სარკმლების თავდაპირველი გადახურვა. ეკლესია დარბაზულია (8,8x6,4მ). კედლები ძირითადად, რიყის ქვითა და კირის ხსნარითაა ნაგები. კამარა, საბჯენი თაღები, კონქი და კარ-სარკმლების, თაღები — აგურით. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ადრე შეისრული თაღით იყო გადახურული და გარედან ნასმული იყო კედლის სიბრტყის მიმართ. საფეხურით შეღრმავებულ არეში (ამჟამად იგი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული, შეღრმავებული არე კი ამოშენებულია). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის გვერდებში თითო, საშუალო სიმაღლის, შეისრულთაღოვანი ნიშა. ღერზე კი — სარკმელი (აღდგენილია). თითო სარკმელი დანარჩენ კედლებშიცაა. თავდაპირველად, ყველა სარკმელი, როგორც შიგნით, ისე გარედანაც, თაღით იყო გადახურული. რემონტის დროს სარკმლები შიგნიდან თარაზულად გადაუხურავთ. გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კუთხეებში ერთსაფეხურიანი პილასტრებია, რომლებზეც საბჯენი თაღები იყო გადაყვანილი. დასავლეთ ფრონტონის წვერთან შემორჩენილი იყო აგურით გამოყვანილი ჯვრის ნაწილი. ამჟამად ეკლ. გადახურულია თუნუქით დაბურული, ორკალთა სახურავით.

ლიტერატურა

რედაქტირება