ქვემო ოქროყანის ციხე-სახლი
ქვემო ოქროყანის ციხე-სახლი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ქვემო ოქროყანის განაპირას, სამხრეთით. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
შენობა გეგმით ოთხკუთხაა (9,45x7,9 მ), ოთხსართულიანი (სიმ. 8,5 მ). ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა მშრალია. სახურავი, მეოთხე სართულის სამხრეთ და დასავლეთ კედლების დიდი ნაწილი და სართულშუა გადახურვები ჩანგრეულია (სახლს ხის კოჭებზე მოწყობილი სართულშუა გადახურვები და მიწურბანიანი სახურავი ჰქონია). თაღოვანი შესასვლელი მეორე სართულზეა, აღმოსავლეთით, მიწიდან 2,5 მ სიმაღლეზე. კარის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. პირველ სართულზე (საქონლის სადგომი), აღმოსავლეთ კედელში, ერთი სათოფური და ერთი მცირე ნიშია, სამხრეთისაში — სამი. დასავლეთ კედელში ერთი ნიშია. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს აკრავს პანდუსი (სიგ. 1,8 მ), რომელიც ციხე-სახლის შესასვლელს ადგება. მეორე და მესამე სართულები საცხოვრებელია. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში ორი ცალმაგი და ერთი შეწყვილებული სათოფურია. დანარჩენ კედლებში ორ-ორი ცალმაგი სათოფური. სამხრეთ კედელში სამი სარკმელია. მესამე სართულზე სარკმლები აღმოსავლეთითაა. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია. ჩრდილოეთისაში — ოთხი. აღმოსავლეთ კედელში და დასავლეთ კედლის შემორჩენილ (ჩრდ.) ნაწილში თითო ცალმაგი სათოფურია. ჩრდილოეთ კედელში ერთი ცალმაგი სათოფური, ერთი სარკმელი და თაღოვანი კარია, რომელიც ამ მხრიდან მოწყობილ ხის დაკიდებულ აივანზე გადიოდა. აღმოსავლეთ ფასადზე, კარის საპირე ქვებზე, ამოკვეთილია ოთხი ჯვარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 484.