ქვემო ოქროყანის კოშკი
ქვემო ოქროყანის კოშკი— არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს მდინარე მნაისწყლის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება XVII საუკუნით.
კოშკი გეგმით ოთხკუთხაა (6,8x6,6 მ), ზემოთკენ შევიწროებული. ნაგებია ნატეხი ქვით. ფასადის ქვები ნაწილობრივაა დამუშავებული. კედლების ქვედა ნაწილები ნაშენია დიდი ქვებით. ზემოთკენ ქვის ზომები მცირდება. შემორჩენილია ოთხი სართული. სართულების ფართობი ქვემოდან ზემოთ მატულობს, რადგან კედლები ყოველ სართულზე ვიწროვდება. კედლის ზედა ნაწილი და სართულშუა გადახურვები ჩამონგრეულია. თაღოვანი შემოსასვლელი სამხრეთითაა, მესამე სართულზე, რაც ნაგებობის თავისებურობას წარმოადგენს. პირველი სართულის მნიშვნელოვანი ნაწილი ამოვსებულია ნანგრევებით. ამ სართულის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ღრმა მრავალგვერდა ნიშია (სამეურნეო დანიშნულების). დასავლეთ კედელში, ერთმანეთთან ახლოს გაჭრილია ორი სათოფურე. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში ერთი ცალმაგი სათოფურია, დასავლეთისაში — ორი. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში ორ-ორი ორმაგი სათოფურია. მესამე სართულზე, სამხრეთ კედლის მარცხენა კიდეში და აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილში, თითო სათოფურია. აღმოსავლეთ კედლის კიდეებში თითო სარკმელია გაჭრილი. დასავლეთ კედელში ორი შეწყვილებული სათოფურია. მეოთხე სართულის შემორჩენილ კედლებში რამდენიმე მცირე სათოფურია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 483-484.