ქვემო ნიქოზის კვირაცხოვლის ეკლესია
ქვემო ნიქოზის კვირაცხოვლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზემო უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8 X 5,5 მ), ნაგებია რიყის და ტუფის ქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამაროვანი გადახურვა, დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლების ზედა ნაწილი, დარღვეულია იატაკის დონე. ზოგან შემორჩენილია შირიმის ქვის თაროსებრი ლავგარდანი. არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა, თაღოვანი სარკმლები — აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. გრძივი კედლები დანაწევრებულია ქვით ნაწყობი პილასტრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, დიდ ტუფის ქვაზე სამმაგი რელიეფური წრეები, მათ ზემოთ კი ჯვარია გამოსახული.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.