ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია

ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა კომისია წარმართავს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის უნიფიკაციის საქმეს. შეიქმნა 1954 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმთან 1953 წელს არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის რეორგანიზაციის შედეგად. უფრო ადრე — 1946-1948 წლებში კომისია მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან (ჯერ აკად. ს. ჯანაშიას, შემდეგ კი აკად. ა. შანიძის თავმჯდომარეობით).

1934 წლიდან განსახკომთან დაარსდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი რესპუბლიკური კომისია 30 კაცის შემადგენლობით (თავმჯდომარე მ. ტოროშელიძე, მდივანი ვ. თოფურია), ხოლო 1935 წლიდან თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან შეიქმნა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი სამუშაო კომისია 18 კაცის შემადგენლობით (თავმჯდომარე ა. შანიძე, მოადგილე ვ. თოფურია). ამ კომისიის და აგრეთვე სატერმინოლოგიო კომიტეტის (დაარსდა 1925 წელს, თავმჯდომარე ვ. ბერიძე) მიერ ადრე გაწეული მუშაობის შედეგად 1936 წელს გამოიცა „სალიტერატურო ქართულის ნორმები“ (წგნ. 1).

ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა კომისიის სამეცნიერო აპარატია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეტყველების კულტურის განყოფილება (შეიქმნა 1953 წელს; 1966 წლამდე ეწოდებოდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების განყოფილება).

გამოქვეყნებულია „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების“ I კრებული (1970), აგრეთვე სპეციალური კრებულის „ქართული სიტყვის კულტურის საკითხების“ 7 წიგნი (1985).

ლიტერატურა

რედაქტირება