ქართლური მოღვარვა
ქართლური მოღვარვა — ზედაპირული რწყვის ერთ-რთი სახე. ახლაც იყენებენ აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ქართლში. ქართლური მოღვარვის სახელწოდებით 30-იან წლებში ივანე ჩხენკელმა გამოყო რწყვის წესი, რომელიც მოღვარვით რწყვის სხვა წესებისაგან განსხვავდება მხოლოდ ფართობის ზედაპირზე წყლის განაწილების ტექნიკით. ქართლური მოღვარვით რწყვის დროს მომრწყველი ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ნიადაგის ზედაპირთან წყლის შეხება. იგი მიუძღვის წინ ნაკადს და ანაწილებს მას რწყვის პროცესშივე სწრაფად დამზადებულ კაწრებში (წვრილ კვლებში). ამ დროს ფართობის საგრძნობ ნაწილს წყალი უშუალოდ არ ეხება და რწყვა ფაქტობრივად გაჟონვის წესით ხდება. ამიტომ წყლის უარყოფითი მოქმედება ნიადაგის ზედაპირზე და ნიადაგში მინიმუმამდეა დაყვანილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცუცუნაშვილი ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 472.