ქარენერგეტიკა
ქარენერგეტიკა — მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომელიც ამუშავებს ქარის ენერგიის გამოყენების თეორიულ საფუძვლებს, მეთოდებსა და საშუალებებს მექანიკური, ელექტრული და სითბური ენერგიის მისაღებად და განსაზღვრავს სახალხო მეურნეობაში ქარის ენერგიის მიზანშეწონილი გამოყენების სფეროსა და მასშტაბს.
ქარენერგეტიკა მოიცავს 2 ძირითად ნაწილს:
- ქარტექნიკა — ამუშავებს აგრეგატ-დანადგარების დაპროექტების თეორიულ საფუძვლებსა და პრაქტიკულ ხერხებს;
- ქარგამოყენება — მოიცავს ქარის ენერგიის ოპტიმალური გამოყენების, დანადგარებისა და მათი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების რაციონალური თეორიისა და პრაქტიკის საკითხებს.
ქარენერგეტიკა ეყრდნობა აგრეთვე აეროლოგიური გამოკვლევების შედეგებს, რომელთა ბაზაზე ამუშავებენ ქარენერგეტიკულ კადასტრს. ქარის ენერგიის გამოყენება მიზანშეწონილია ისეთ საწარმოო პროცესებში, სადაც დასაშვებია ენერგიის მიწოდების პერიოდული შეწყვეტა ან იმ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება გადამუშავების პროდუქტის მომარაგება (წყლის აწევა, ელექტროქიმიური აკუმულატორების დამუხტვა და ა. შ.).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 457.